პოლ ჯოელი - საქართველოში ვხედავთ, რომ რუსეთი საბჭოთა ხერხს მიმართავს, რაც გულისხმობს პრინციპს, დაყავი და იბატონე, აქტიურად იყენებს პროვოკაციას
პოლ ჯოელი - საქართველოში ვხედავთ, რომ რუსეთი საბჭოთა ხერხს მიმართავს, რაც გულისხმობს პრინციპს, დაყავი და იბატონე, აქტიურად იყენებს პროვოკაციას

დარწმუნებული ვარ, რუსეთს ჰყავს ჯაშუშები საქართველოში, პოლიტიკური სპექტრის ორივე მხარეს, – განაცხადა საკონსულტაციო კომპანია NSI-ს წარმომადგენელმა, პოლ ჯოელმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

„მათ აწყობთ ის ვითარება, როცა სიტუაციის დასაძაბად დები და ძმები ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძვიან. ახლა, ყველაზე მნიშვნელოვანი არის სიტუაციის დამშვიდება და მაგიდასთან დასხდომა. იმაზე შეთანხმება, რომ ვერავინ მიიღებს ყველაფერს, რაც უნდა. საჭიროა ზიანის მიყენების შეჩერება და მძიმე შრომის დაწყება იმისთვის, რომ სრულყოთ არჩევნები, სასამართლო, პოლიტიკური პროცესები და ასე შემდეგ. ეს შესაძლებელია, თუმცა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ახლებურად გაძღოლა სჭირდება. ვიცი, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ახალგაზრდულ ფრთას სხვა მიმართულებით სურს წასვლა, მაგრამ ახლანდელი ხელმძღვანელობა ამის შესაძლებლობას არ აძლევს“, – განაცხადა ჯოელმა.

გადაცემის წამყვანის, გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რა არის რუსეთის ინტერესი კავკასიაში, კონკრეტულად საქართველოში და როგორ აანალიზებს ვაშინგტონი აქ რუსეთის ინტერესებს, ჯოელმა განაცხადა, რომ ახლა, ნომერ პირველი პრიორიტეტი უკრაინაში შექმნილი ვითარების შეცვლაა, რადგან იქ ომის დაწყების შესაძლებლობა გაჩნდა. 

„ვაშინგტონის გადმოსახედიდან ახლა, პირველ რიგში, შემაშფოთებელია უკრაინა. იქ სამხედრო ძალებს აძლიერებენ, საზღვარზე აპირებენ წვრთნების ჩატარებას. სნაიპერმა მოკლა ჯარისკაცები, დრონების კოორდინირებული აქტივობა შეინიშნება და ესაა ნომერ პირველი პრიორიტეტი. მეორე – რა თქმა უნდა, ჩვენ ვხედავთ ცვლილებებს აზერბაიჯანისა და სომხეთის ურთიერთობებში. სამწუხაროდ, იმ ოლქში ყოველდღიურად ვხედავთ უფრო და უფრო მეტ რუსულ სამხედრო ძალას. საქართველოში კი ვხედავთ, რომ რუსეთი საბჭოთა ხერხს მიმართავს, რაც გულისხმობს პრინციპს – დაყავი და იბატონე; გულისხმობს მოწოდებას, რომ ერთმანეთი დაგლიჯონ, როგორც ეს ვნახეთ 2016-ის არჩევნებზე და 2020-ის არჩევნებზეც. აქტიურად იყენებს პროვოკაციასაც. როცა აქტიურ ფორმაზე ვსაუბრობ, ვგულისხმობ გავლენის ყველა იმ ინსტრუმენტს, რომლის გამოყენებაც რუსეთს შეუძლია მეორე ქვეყნის წინააღმდეგ. ესაა თეთრი და შავი პროპაგანდით დაწყებული, დეზინფორმაციის, გაყალბების, პროვოკაციის მთელი პალიტრით დამთავრებული. მათ შორის – ტერორიზმი, სიკვდილით დასჯა, არატრადიციული ომი, ჰიბრიდული ომიც, როგორიც ყირიმშია. ესაა მათი ხელსაწყოები! უკრაინაში ახლა სხვადასხვა ელემენტს იყენებენ შეიარაღებული ძალების შესაშინებლად. კლავენ უკრაინული შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს. პირველ რიგში, ვიტყოდი, რომ მიზეზი, რატომაც უკრაინაა ყურადღების ცენტრში, გახლავთ ის, რომ გაჩნდა ომის დაწყების შესაძლებლობა“, – განაცხადა ჯოელმა.

როგორც ჯოელმა აღნიშნა, საქართველომ ყველაზე მეტი გააკეთა, რათა ამერიკელების დახმარება მიეღო და ის დავიწყებული არაა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვაშინგტონი მრავალი მიმართულებითაა პროცესებში ჩართული.

„რაც შეეხება საქართველოს, საქართველოს აქვს თავისი ადგილი ამერიკელების გულსა და გონებაში. იმიტომ, რომ ჩვენ გვგრძნობთ სიახლოვეს თქვენ ქვეყანასთან; ჩვენ ვგრძნობთ სიახლოვეს თქვენ რწმენებთან, თქვენ მოწოდებასთან, გქონდეთ ღირსება.

და თქვენ გააკეთეთ ყველაზე მეტი, რომ მიგეღოთ ამერიკელების დახმარება და შეგექმნათ რამე. ეს ძალიან ახლოსაა ჩვენ მიზნებთან და მისწრაფებებთან. ასე რომ, საქართველო დავიწყებული არაა, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, ვაშინგტონი მრავალი მიმართულებითაა პროცესებში ჩართული. განსაკუთრებით – აზიაში. სწორედ ამიტომ, რუსები ეცდებიან, მიაღწიონ უპირატესობას ამერიკის ახალ ხელისუფლებებთან კონკურენციაში, რომელიც ახორციელებს მკვეთრ ცვლილებებს ბოლო ოთხი წლის პერიოდიდან ახალ ხედვამდე, სადაც ამერიკა მსოფლიოს უბრუნდება, გვერდით უდგას პარტნიორებს, მხარს უჭერს იდეალებს, რომლებისაც გვწამს და რომლისაც საქართველოს სჯერა. თუმცა, ახლა დროა, საქართველომ ამ რწმენის შესაბამისად იმოქმედოს და გადაჭრას ეს კრიზისი“, – განაცხადა პოლ ჯოელმა.