პოლ ჯოელი - არის ლობისტური ორგანიზაცია, რომელსაც სააკაშვილი წლების განმავლობაში აფინანსებდა, ქსელი ჯერ კიდევ არსებობს
პოლ ჯოელი - არის ლობისტური ორგანიზაცია, რომელსაც სააკაშვილი წლების განმავლობაში აფინანსებდა, ქსელი ჯერ კიდევ არსებობს

არის ძალიან კარგად ორგანიზებული და დაფინანსებული ლობისტური ორგანიზაცია, რომელსაც სააკაშვილი წლების განმავლობაში აფინანსებდა და რა თქმა უნდა, არის მრავალწლიანი ურთიერთობის ტრადიციები, რომლებსაც საფუძველი დიდი ხნის წინ, მისი პრეზიდენტობისას, ჯერ კიდევ იმ დროს ჩაეყარა, როდესაც ის აფინანსებდა დასავლელი ექსპერტების ჯგუფს, – განაცხადა საკონსულტაციო კომპანია NSI-ს წარმომადგენელმა, პოლ ჯოელმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

„მოდით, ვისაუბროთ იმაზე, რატომ აკეთებენ ასეთ განცხადებებს სენატის წევრები, ევროკავშირის წარმომადგენლები და სხვები – იყო ნარატივი, რომელსაც სამწუხაროდ, ძალიან ეფექტურად იყენებდნენ სააკაშვილი და მისი ხალხი, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია რუსეთის ქმნილებაა, რადგან ქონება მან რუსეთში იშოვა და მდიდარ ადამიანად იქცა. არიან ადამიანები, ვინც ამის გაგებისთანავე თქვა – ოჰ, აი, რაშია საქმე. თუმცა, მე როგორც მესმის, ბატონმა ივანიშვილმა გაყიდა თავისი ქონება რუსეთში და ყურადღება საქართველოზე გაამახვილა. ვიცით, რომ უპირველეს ყოვლისა, ქართველები მეტისმეტად ნაციონალისტები არიან და ის, რომ ქვეყანაში შესაძლოა, ისტორიის ამ ეტაპზე რუსული გავლენა კვლავ გავრცელდეს, ვფიქრობ, ფანტასტიკაა. ეს ხორცის ის ნაჭერია, რომელსაც რუსეთი ნამდვილად ვერ გადაყლაპავს, თუკი ქვეყნის დაკავებას გადაწყვეტს. თუმცა, არის ძალიან კარგად ორგანიზებული და დაფინანსებული ლობისტური ორგანიზაცია, რომელსაც სააკაშვილი წლების განმავლობაში აფინანსებდა და რა თქმა უნდა, არის მრავალწლიანი ურთიერთობის ტრადიციები, რომლებსაც საფუძველი დიდი ხნის წინ, მისი პრეზიდენტობისას, ჯერ კიდევ იმ დროს ჩაეყარა, როდესაც ის აფინანსებდა დასავლელი ექსპერტების ჯგუფს. ეს ქსელი ჯერ კიდევ არსებობს და ისეთივე სამეცნიერო ფანტასტიკას ავრცელებენ, თითქოს, ეს ყველაფერი რუსულია. უბრალოდ, ფაქტებს გადახედეთ. მაგალითად, საქართველოს სამხედრო ძალის განვითარებას, მის კოორდინაციას ნატო-სთან, მის წევრებთან მუშაობისას ნახავთ, რამდენად მაღალი დონეა ურთიერთობის და პროფესიონალიზმის, ვიდრე ეს იყო სააკაშვილის დროს“, – განაცხადა პოლ ჯოელმა.

ამ განცხადებით პოლ ჯოელმა გადაცემის წამყვანის, გიორგი გვიმრაძის შეკითხვას უპასუხა, რატომ კეთდება რიგი სენატორებისა და ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან ის განცხადებები, რაც კეთდება.

როგორც ჯოელმა აღნიშნა, ტყუილია ის, რაც რუსეთის საგარეო დაზღვევის სამსახურის უფროსმა, ნარიშკინმა თქვა, თითქოს სააკაშვილმა გააღო კარი, რათა საქართველოში პროდასავლურ ხმას შეეღწია და დასავლურ საზოგადოებასთან უკეთესი ურთიერთობა დაემყარებინა.

„ჩვენ ვნახეთ ნარიშკინის, რუსეთის საგარეო დაზღვევის სამსახურის უფროსის განცხადება საკუთარ გვერდზე. ეს განცხადება იყო საჯარო დემარში აშშ-ის წინააღმდეგ, რათა ის ჩამოშორდეს საქმეებს საქართველოში, რაც ნათელს ხდის, როგორ მანიპულირებს რუსეთის დაზვერვა მიმდინარე მოვლენებით. მან თქვა, რომ სააკაშვილი იყო ის, რომელმაც გააღო კარი, რათა საქართველოში პროდასავლურ ხმას შეეღწია და დასავლურ საზოგადოებასთან უკეთესი ურთიერთობა დაემყარებინა. ეს ტყუილია! პროცესი შევარდნაძემ დაიწყო. მეც იმ პროცესის ნაწილი ვიყავი. ზურაბ ჟვანიასთან ვმუშაობდი, როცა წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა დაიწყო და, როცა „იუ ეიჩ ვან“ ტიპის ვერტმფრენების გადმოცემაზე ურთიერთობა ჰქონდათ შეერთებული შტატების ხელისუფლების სხვადასხვა შტოსთან. ეს გზა მასთან ერთად დაიწყო და არა სააკაშვილთან ერთად. თუმცა, ეს ის ზღაპარია, რომლის მოყოლაც ძალიან უყვარს – ყველაფერი მე, ყველაფერი მე გავაკეთე! საკუთარი უპირატესობისთვის ამ ყველაფრით მანიპულირებენ. ვშიშობ, რომ არსებობენ დასავლური საზოგადოების წევრები, რომლებისთვისაც ეს შეხედულება კვლავ მისაღებია“, – განაცხადა პოლ ჯოელმა.