პოლ ჯოელი - მთავრობა არაა პასუხისმგებელი, როცა ოპოზიცია ამბობს, რომ ხელს არ მოაწერს შეთანხმებას, რადგან იქ ნახსენები არ არის ორი პირის გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები
პოლ ჯოელი - მთავრობა არაა პასუხისმგებელი, როცა ოპოზიცია ამბობს, რომ ხელს არ მოაწერს შეთანხმებას, რადგან იქ ნახსენები არ არის ორი პირის გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები

მთავრობა არაა პასუხისმგებელი, როცა ოპოზიცია ამბობს, რომ ხელს არ მოაწერს ევროკავშირის შეთანხმებას, რადგან იქ ნახსენები არაა ორი პიროვნების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების საკითხი, – განაცხადა საკონსულტაციო კომპანია NSI-ს წარმომადგენელმა, პოლ ჯოელმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

„როცა ხალხი გირჩევს, მოვალეობა და პასუხისმგებლობა გაქვს, რომ აიღო ეს მანდატი, შეხვიდე პარლამენტში და იბრძოლო იმისთვის, რაც სწორად მიგაჩნია და რაც შენს ამომრჩეველს ჰგონია სწორი. ეს მაშინ ხდება, როდესაც პარლამენტში ოპოზიცური ძალის ოდენობა იმაზე დიდია, ვიდრე ქვეყნის ისტორიაში ოდესმე ყოფილა. იმის თქმა, რომ პარლამენტში არ შედიან ორი სასამართლო პროცესის გამო და ხელს არ მოაწერენ ევროკავშირის შეთანხმებას, რადგან იქ ნახსენები არაა ორი პიროვნების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების საკითხი, აჩვენებს, რომ პასუხისმგებელი არაა მთავრობა. ეს ოპოზიციის პასუხისმგებლობაა, რომ შეიკრიბონ და თქვან – კარგი, შევიდეთ პარლამენტში, ვიბრძოლოთ იმისთვის, რისიც გვწამს, დავიწყოთ სასამართლოს რეფორმა, საარჩევნო რეფორმა, საპარლამენტო დემოკრატიის საქმე ვაკეთოთ. ახლა სწორედ იმის დროა, რისკენაც ყოფილმა პრემიერმა მოუწოდა, მოვლენებმა ქუჩიდან პარლამენტში გადაინაცვლოს. სწორედ აქ ვხედავ კავშირს“, – განაცხადა ჯოელმა.

გადაცემის წამყვანის, გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ იმ შემთხვევაში, თუკი სჯერა, რომ არჩევნები გააყალბეს და ეს ორი ადამიანი მართლაც პოლიტიკური მოტივით დააკავეს, პოლ ჯოელმა განაცხადა, რომ უნდა იყოს დასავლელი პარტნიორების დასკვნა, რომ არჩევნები არ იყო იდეალური, თუმცა იყო კარგი. 

„პირველ რიგში, ვისაუბროთ არჩევნებზე – რასაც მე ვხედავ და რაც თქვეს ეუთო-მ და სხვებმა, ეს იყო კონკურენტუნარიანი არჩევნები. ისინი არ ლაპარაკობენ რამე სახის მასობრივ გაყალბებაზე, რომელსაც შეეძლო, არჩევნების შედეგები შეეცვალა. უნდა მივიღოთ დასავლელი პარტნიორების დასკვნა, რომ არჩევნები არ იყო იდეალური, თუმცა იყო კარგი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუკი იდეალური არ იყო, ეს არ გამორიცხავს, რომ იყო კარგი. იმ ადამიანებს რაც შეეხება, ვინც დააკავეს, ვფიქრობ, ეს კიდევ ერთი საკითხია. მე არ გავცემდი ბატონი მელიას დაკავების რეკომენდაციას. იმიტომ, რომ მეცოდინებოდა, რადგან მან მოიხსნა სამაჯური, ესე იგი, უნდოდა, დაეკავებინათ. ეს კიდევ ერთი პროვოკაცია იყო. „გაჩვენებთ ჩემს ზიზღს და ვემუქრები სამართლებრივ რეჟიმს, ანგარიშს არ ვუწევ სასამართლოს გადაწყვეტილებას, ამიტომ ვიხსნი სამაჯურს. მოდით და დამიჭირეთ“. სამწუხაროდ, ასეც მოიქცნენ, რითაც კიდევ უფრო დაამძიმეს სიტუაცია იმ მდგომარეობამდე, რომ ხელისუფლებისთვის სარგებელი არც კი ჩანს. თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოში ორივე მხარეს არიან ულტრაპატრიოტები და ეს პროგრესს გზას უჭრის, რუსეთს კი აძლევს სიტუაციით მანიპულირების საშუალებას. ამაზე უარი უნდა ითქვას. კარგი ქართველები ერთად უნდა დადგნენ და თქვან – საკმარისია, უკვე საკმარისია. ქვეყანაში ტურიზმი გვჭირდება!“ – განაცხადა ჯოელმა.

როგორც ჯოელმა აღნიშნა, მუდმივი საპროტესტო გამოსვლები ხალხს საქართველოში ჩასვლაში ხელს უშლის.

„2019 წლის ოქტომბერში მე და ჩემი ოჯახი საქართველოში ვიყავით. მეგობრებიც ჩავიყვანე და ძალიან კარგი დრო გავატარეთ. ყველას გვინდა საქართველოში დაბრუნება. „მერიოტში“ გაჩერება ძალიან მოგვეწონა. იმიტომ, რომ ზუსტად ქალაქის ცენტრშია. თუმცა, მუდმივი საპროტესტო გამოსვლები ხალხს იქ ჩასვლაში ხელს უშლის. რატომ? დემოკრატიას ხელს შეუწყობს ასეთი არალიბერალური საქციელი , რომ თუ ისე არ გააკეთებთ, როგორც მე მინდა, დავუპირისპირდები პოლიციას, ბრალდებებს წამოვაყენებ არჩევნებთან დაკავშირებით, საარჩევნო კომისიებთან დაკავშირებით, არჩევნების შემდგომაც, დავიკავებ ქუჩებს, დავიკავებ შენობებს?“, – განაცხადა ჯოელმა.

მისი თქმით, ყველა წინასაარჩევნო გამოკითხვა აჩვენებდა, რომ ხელისუფლება იგებდა და ოპოზიციის წარმატებას არც ერთი გამოკითხვა არ მიუთითებდა.

„ვფიქრობ, ფაქტი ესაა. ყველა წინასაარჩევნო გამოკითხვა აჩვენებდა, რომ ხელისუფლება იგებდა. ეს კარგია თუ ცუდი, ისინი იმარჯვებდნენ. არც ერთი გამოკითხვა არ მიუთითებდა ოპოზიციის წარმატებას. წინა რეჟიმი ჯერ კიდევ კარგად ახსოვთ. ახსოვთ, რა ხდებოდა კერძო საკუთრებასთან დაკავშირებით. ყველაზე მაღალი იყო პატიმრების რაოდენობა მსოფლიოში, ყველაზე მაღალი იყო საპროცესო შეთანხმებების მაჩვენებელი და ა.შ. იყო ძალიან ბევრი დარღვევა წარსულში. ჩვენ, საქართველოს ამის გადალახვა და ხალხის გადაწყვეტილებების მიღება გვჭირდება“, – განაცხადა პოლ ჯოელმა.