პოლ ჯოელი - პუტინს სწამდა, რომ ჯო ბაიდენი სუსტი იქნებოდა და ნატო გაიხლიჩებოდა, რაც არის დაზვერვის წარუმატებლობა
პოლ ჯოელი - პუტინს სწამდა, რომ ჯო ბაიდენი სუსტი იქნებოდა და ნატო გაიხლიჩებოდა, რაც არის დაზვერვის წარუმატებლობა

პუტინს სწამდა, რომ ჯო ბაიდენი სუსტი იქნებოდა და ნატო გაიხლიჩებოდა, რაც არის დაზვერვის წარუმატებლობა, – ამის შესახებ ორგანიზაცია „ეროვნული სტრატეგიების“ დირექტორმა, პოლ ჯოელიმ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„იგი ფიქრობდა, რომ ზელენსკი კაპიტულაციას გამოაცხადებდა, წინააღმდეგობა სუსტი იქნებოდა და სამ დღეში კიევს ჩაიგდებდა ხელში. ეს არის აბსოლუტური კატასტროფა დაზვერვის თვალსაზრისით“, – განაცხადა ჯოელიმ.

მისივე თქმით, პუტინი აცხადებს, რომ ნატო არის აგრესორი, მაგრამ ეს არ არის მართალი, ნატო არის თავდაცვითი ორგანიზაცია.

„პუტინს ესმის, რომ დიდი რუსეთი ვერ იქნება ნომერ პირველი, რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი უკრაინის გარეშე და მეორე – ბელარუსი. მას სურს, ეს ქვეყნები მისი კონტროლის ქვეშ იყოს, რომ იყოს ახალი მეფე, რომელმაც გააერთიანა რუსი ხალხები. ყველაფერი, რასაც იგი აცხადებს, არის ტყუილი. ეს არის ბოლის ფარდა, რათა მსოფლიოს აზრი სხვა საკითხზე გადაიტანოს. ის აცხადებს, რომ ნატო არის აგრესორი, მაგრამ ეს არ არის მართალი. ნატო არ არის აგრესორი. ის არის თავდაცვითი ორგანიზაცია. ეს თუ იყო მისი მიზანი, მაშინ მან საპირისპირო შედეგი მიიღო. ნატო იარაღდება, გერმანია იარაღდება. ნატო არ არის საფრთხე და ეს არ არის იმის მიზეზი, რატომაც პუტინი ამას აკეთებს“, – განაცხადა ჯოელიმ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, თუ ნატო ერთიანია და ალიანსმა კონსოლიდაცია მოახდინა, მაშინ რითაა გამოწვეული პრეზიდენტ ზელენსკის და სხვადასხვა ჩინოვნიკის განცხადებები, რომლებიც ნატო-სთან მიმართებაში, გარკვეული თვალსაზრისით, თითქოს იმედგაცრუებას გამოხატავენ, პოლ ჯოელიმ განაცხადა, რომ ზელენსკის სურს, ნატო ჩართული იყოს რუსეთთან ბრძოლაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ნატო ომში ჩაერთვება რუსეთთან.

„ეს იმის მსგავსია, რასაც სააკაშვილი 2008 წელს აკეთებდა, რომ აშშ ჩარეულიყო მისი სახელით. ნატო-ს და აშშ-ს არ უნდათ რუსეთთან ომში ჩაბმა. მე ვიცი, რომ პრეზიდენტი ზელენსკი არის დიდი ლიდერი. ის არის გმირი და ცდილობს, მიიღოს რაც შეუძლია ყველაფერი თავისი ქვეყნისთვის. მას განსაკუთრებით სჭირდება დახურული ცა, რაც არის ძალიან რთული საკითხი. ეს რეალურად, უზრუნველყოფს იმას, რომ ნატო და აშშ დაიწყებენ ომს რუსეთთან. ამიტომ, ამერიკული და ნატო-ს მიდგომა გახლავთ უკრაინისთვის განსხვავებული სახის დახმარების უზრუნველყოფა“, – განაცხადა ჯოელიმ.

ორგანიზაცია „ეროვნული სტრატეგიების“ დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინა ერთიანი ერია, რაც არის რუსული ავანტიურების ყველაზე დიდი შემაკავებელი.

მისივე თქმით, დადგა დრო, რუსეთმა თავისი ძალები გაიყვანოს არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ მოლდოვადან, უკრაინიდან და დაემორჩილოს იმ ხელშეკრულებას, რომელსაც ხელი მოაწერა.

„რუსეთი უნდა წავიდეს. დრო მოვიდა და ამ პოზიციასთან დაკავშირებით ყველა გაერთიანებულია“, – განაცხადა ჯოელიმ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამ უნდა უბიძგოს რუსეთს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ, პოლ ჯოელიმ განაცხადა, რომ რუსეთს ამისკენ შეიძლება, უბიძგოს თავისი არმიის განადგურებამ და უკრაინამ.

„მათ ახლა გადმოისროლეს ძალები, რომლებიც სომხეთში, აფხაზეთში და სხვადახვა ადგილას იყო განლაგებული. ასევე მოუწიათ ციმბირიდან და შორეული აღმოსავლეთიდან ჯარების გადასროლა. ისინი გაიჭედნენ ყოვლისმომცველ ომში, რომელიც თვითონ აირჩიეს და ხელი მოეცარათ“, – განაცხადა ჯოელიმ.

შეკითხვაზე, რა პერსპექტივა აქვს მოლაპარაკებების პროცესს და რამდენად ეფექტური შეიძლება, იყოს ის უკრაინის ომის დასამთავრებლად, პოლ ჯოელიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ეფექტური საერთოდ არ არის.

„რუსეთი, როგორც წესი, მოლაპარაკებას აწარმოებს, რათა დრო მოიგოს, საბრძოლო დანაყოფების რეორგანიზება მოახდინოს და აღჭურვილობა და მარაგები მიაწოდოს“, – განაცხადა ჯოელიმ.

პოლ ჯოელიმ ასევე აღნიშნა, რომ პუტინი ამ ბრძოლას წააგებს, მაგრამ მას აქვს მენტალობა, რომ არ უნდა შერცხვეს და სისუსტე არ ანახოს.

„აი, ეს არის პუტინი. მაფიის დონივით არის. ის არის მესაკუთრე. მას შეურაცხყოფა არ უნდა მიადგეს, მან სისუსტე არ უნდა ანახოს. ეს არის მისი მენტალობა, რაც მსოფლიოსთვის კატასტროფულია“, – განაცხადა პოლ ჯოელიმ.