პლანეტის უმძლავრეს მიწისძვრათა საკვანძო მექანიზმი სავარაუდოდ გარკვეულია — #1tvმეცნიერება
პლანეტის უმძლავრეს მიწისძვრათა საკვანძო მექანიზმი სავარაუდოდ გარკვეულია — #1tvმეცნიერება

მიწისძვრების გამომწვევ მექანიზმთა შესახებ სულ უფრო მეტს ვსწავლობთ, მაგრამ სეისმური ბიძგების მოქმედების შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით. ამჯერად, გეოლოგები ფიქრობენ, რომ გამოავლინეს ის საკვანძო მექანიზმი, რომელიც პლანეტის ერთ-ერთ უმძლავრეს მიწისძვრათა უკან დგას.

მეგამიწისძვრები სუბდუქციის ზონებში ხდება, სადაც ერთი ტექტონიკური ფილა მეორის ქვეშ ცურდება. ასეთი მიწისძვრები განსაკუთრებით ხშირია წყნარი და ინდოეთის ოკეანეების გარშემო და მათ გიგანტური ცუნამების გამოწვევაც შეუძლიათ.

ახალი კვლევა გვთავაზობს, რომ თანდათანობითი, ნელი შეცოცების მოძრაობა სუბდუქციის ზონების ქვეშ, მეგამიწისძვრების გამომწვევი საკვანძო ფაქტორი უნდა იყოს და თუ ასეა, შეიძლება მომავალში უკეთესად შევძლოთ მათი პროგნოზირება.

ასეთი ნელი შეცოცების (სრიალის) მოვლენები ყოველი სუბდუქციის ზონის ქვეშ არ ხდება, მაგრამ მკვლევართა თქმით, მას შეუძლია გავლენა მოახდინოს მიწისქვეშეთში წნევის წარმოქმნაზე. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მეგამიწისძვრებში ისინი ენერგიას სხვადასხვა მიმართულებით გზავნის და აუცილებლად თავად ფილების მოძრაობას არ მიჰყვება.

„როგორც წესი, როდესაც მიწისძვრა ხდება, ვარკვევთ, რომ მოძრაობა ფილების მოძრაობის საპირისპიროდ არის მიმართული, რაც შეცოცების დეფიციტის აკუმულირებას ახდენს“, — ამბობს პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის მეცნიერი კევინ ფურლონგი.

მისივე თქმით, ამ ნელი შეცოცების მიწისძვრათა შემთხვევაში, მოძრაობის მიმართულება პირდაპირ ქვემოთ მიემართება, გრავიტაციის მიმართულებით, ნაცვლად ფილების მოძრაობის მიმართულებისა.

მაღალი რეზოლუციის GPS სადგურების მონაცემების გამოყენებით, ფურლონგმა და მისმა კოლეგებმა შეისწავლეს მოძრაობები კასკადიის სუბდუქციის ზონის (გადაჭიმულია კანადის კუნძულ ვანკუვერიდან ჩრდილოეთ კალიფორნიამდე) გასწვრივ, რამდენიმე წლის განმავლობაში.

1700 წელს კასკადიაში 9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა და გამომდინარე იქიდან, რომ ნელი შეცოცების მოვლენებს ადგილი ჰქონდა სუბდუქციის ზონებს ქვემოთ, მოკლე მანძილებზე ნელა გადაადგილდება. მკვლევართა თქმით, ისინი დაახლოებით „მოვლენათა გროვას“ ჰგავს და მახასიათებლები ემთხვევა მსგავს მონაცემებს ახალი ზელანდიიდან.

მიუხედავად იმისა, რომ ნელი შეცოცების მოვლენები ზედაპირიდან მრავალი კილომეტრის ქვეშ ხდება, ჯგუფის ვარაუდით, ასეთ მოძრაობებს გავლენა აქვს მეგამიწისძვრათა დროში განაწილებასა და ქცევაზე. შედარებით პატარა მიწისძვრები ყოველ ერთ ან ორ წელში ერთხელ ხდება, მაგრამ შეიძლება გამოიწვიოს რაღაც გაცილებით სერიოზულიც.

„არსებობს სუბდუქციის ზონები, რომლებსაც ეს ნელი შეცოცების მოვლენები არ გააჩნიათ და შესაბამისად, არ გვაქვს პირდაპირი გაზომვები იმის შესახებ, როგორ მოძრაობს ამ ჩაძირვის (სუბდუქცია) პროცესში მყოფი ფილის ქვედა ნაწილი“, — ამბობს ფურლონგი.

ნელი შეცოცების მოვლენები გეოლოგებმა პირველად დაახლოებით 20 წლის წინ აღმოაჩინეს; GPS ინსტრუმენტები კი მხოლოდ ბოლო დროს გახდა საკმარისად მგრძნობიარე იმისათვის, რათა მათი დეტალური მოძრაობა დაეფქისირებინა — ამ შემთხვევაში, 35 კილომეტრის სიღრმის ქვეშ.

ახალი კვლევის ფარგლებში გაკეთებულ აღმოჩენებს მკვლევრები „ფრიად მოულოდნელს“ უწოდებენ და ისინი მათ დიდად დაეხმარება სამომავლო მიწისძვრათა მოდელირებაში. მაგალითად, არ არის გამორიცხული, რომ სუბდუქციის ზონებთან ფილების მოძრაობით გამოწვეული დაძაბულობის ნაწილი დიდ სიღრმეში ნელი შეცოცების მოვლენათა წყალობით თავისუფლდება.

გარდა ამისა, იმ ძალების მიმართულებათა ცოდნა, რომლებმაც მომავალში შეიძლება მიწისძვრები გამოიწვიოს, გადამწყვეტად მნიშვნელოვანია მოსამზადებლად. ეს ბუნებრივი კატასტროფები ძლიერ არაპროგნოზირებადია და შესაბამისად, ფასდაუდებელია ნებისმიერი წინასწარი ინფორმაციის ცოდნა.

„არ ვიცით, რა იწვევს დიდ მიწისძვრებს ამ სიტუაციაში. ყოველ ჯერზე, როდესაც ამ პრობლემის მიღმა მოქმედი ფიზიკური პროცესების შესახებ ახალ ინფორმაციას ვიღებთ, ის მნიშვნელოვანი კომპონენტი ხდება“, — ამბობს პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის მეცნიერი კირსტი მაკკენზი.

კვლევა ჟურნალ Geochemistry, Geophysics, Geosystems-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია news.psu.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი