ევერესტის სიმაღლემ ერთი მეტრით მოიმატა — ნეპალმა და ჩინეთმა მთა ხელახლა გაზომეს #1tvმეცნიერება
ევერესტის სიმაღლემ ერთი მეტრით მოიმატა — ნეპალმა და ჩინეთმა მთა ხელახლა გაზომეს #1tvმეცნიერება

მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალი ოდნავ უფრო მაღალი გახდა.

ნეპალი და ჩინეთი, რომელთა საზღვარიც ევერესტზე გადის, მთის ახალი, ოფიციალური სიმაღლის შესახებ იუწყებიან — 8 848,86 მეტრი.

ეს მაჩვენებელი დაახლოებით 86 სანტიმეტრით უფრო მაღალია, ვიდრე ევერესტის აქამდე გამოყენებული სიმაღლე, რომელიც 1950-იან წლებში ინდოეთის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად იყო დადგენილი.

ორი ქვეყნის განცხადება კულმინაციაა ამომწურავი პროცესისა, რომელიც მოიცავდა მწვერვალზე ორ ექსპედიციას და წლობით მიმდინარე გაზომვებს, რათა დაედგინათ ევერესტის ზუსტი სიმაღლე ზღვის დონიდან.

„შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ეს გახლავთ ევერესტის სიმაღლის ყველაზე ზუსტი მაჩვენებელი, რაც კი ოდესმე გვქონია. ჩვენი მხრიდან ეს დიდი პასუხიმგებლობა იყო და ეს მომენტი ჩვენთვის ძალიან საამაყოა“, — ამბობს პროექტის ხელმძღვანელი ნეპალის მხრიდან, საშილ დანგოლი.

ექსპერტთა განცხადებით, ახალი რიცხვი ევერესტის სტანდარტული სიმაღლე გახდება.

„ახალი რიცხვის გაუმჯობესება ძნელი იქნება. ნეპალის მიერ ჩატარებული გაზომვები გამორჩეული ხარისხისაა“, — ამბობს კოლორადოს უნივერსიტეტის გეოლოგი როჯერ ბილჰემი.

გეოლოგთა განცხადებით, ტექტონიკური ფილების გადაადგილებისა და პერიოდული მიწისძვრების გამო, ევერესტის სიმაღლე ცვალებადია. ტექტონიკური ფილების მოძრაობა მთის სიმაღლეს ყოველწლიურად ოდნავ ზრდის, მიწისძვრები კი ამცირებს.

ნეპალისთვის ევერესტის გაზომვა ეროვნული სიამაყის ტოლფასი საქმე იყო. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალი სწორედ მის ტერიტორიაზე მდებარეობს, ნეპალს საკუთარი ძალებით ეს მთა არასოდეს გაუზომავს. ეს პროექტი ნეპალმა 2018 წელს დაიწყო და 1,3 მილიონი დოლარი დაუჯდა.

ნეპალელმა გეოდეზისტებმა მთის გასაზომად ორი მეთოდი გამოიყენეს: პირველი ტრიგონომეტრიას ეფუძნება, დროში გამოცდილ მეთოდს; მეორე კი უახლეს ტექნოლოგიებს იყენებს და ემყარება თანამგზავრული სანავიგაციო სისტემების მონაცემებისა და ზღვის დონის კომპლექსური მოდელის კომბინაციას.

საქმე ადვილი ნამდვილად არ იყო. ნეპალელმა გეოდეზისტმა, რომელმაც შარშან ევერესტის მწვერვალზე GPS მოწყობილობა და გეორადარი აიტანა, ყინვისგან თითის წვერი დაკარგა. ჩამოსვლისას, მის ჯგუფს ჟანგბადის სიცოცხლისათვის საშიში დეფიციტი შეექმნა.

სხვა გეოდეზისტებმა 200 000 დოლარად ღირებული აღჭურვილობის, გრავიმეტრის 297 წერტილი დაამონტაჟეს ნეპალის ტერიტორიაზე. გრავიმეტრი მოცემულ ადგილას გრავიტაციას ზომავს. მისი მონაცემები გადამწყვეტია იმის მოდელირებისათვის, თუ სად არის ზღვის დონე ევერესტის სხეულს დაბლა. ზღვის დონიდან სიმაღლის გამოსათვლელად მხოლოდ თანამგზავრული მონაცემები საკმარისი არ არის.

ახალი ერთობლივი გაზომვა ასევე მოიცავდა გეოპოლიტიკის ელემენტსაც. ნეპალი ორ დიდ მეზობელს — ჩინეთსა და ინდოეთს შორის არის მოქცეული; ბოლო წლებში ჩინეთი საკუთარი გავლენის გაძლიერებას ცდილობდა. ევერესტის სიმაღლის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ნეპალი და ჩინეთი ურთიერთობის სიმყარის მტკიცებულებად წარმოაჩენენ.

ჩინეთის მხარემ საკუთარი გაზომვები ევერესტის წინა კვლევებიდან (1975 და 2005 წლებში) მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით განახორციელა.

პროექტის უფროსი მრჩევლის, ნეპალის გეოდეზიის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის, ნარაიან შრესტჰას განცხადებით, ორი ქვეყნის მიერ ჩატრებული გაანგარიშებები ერთმანეთს საკმარისად კარგად დაემთხვა, რათა ერთ რიცხვამდე მისულიყვნენ.

ევერესტი ნეპალისა და ჩინეთის ტერიტორიებზე მდებარეობს; ნეპალში მას საგარმათჰას ეძახიან, ტიბეტში კი ჯომოლუნგმას. მთასვლელებს ორივე მხრიდან შეუძლიათ ასვლა, მაგრამ დიდი ხანია, ნეპალის გზა უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს.

მიუხედავად იმისა, რომ ნეპალი მსოფლიოს უმაღლესი მთაა ზღვის დონიდან, ყველაზე მაღალი არ არის, თუ ფუძიდან მწვერვალამდე გავზომავთ. ეს ტიტული ჰავაის მთა მაუნა-კეას ეკუთვნის, რომლის ძირითადი ნაწილიც წყალქვეშ არის განთავსებული.

მომზადებულია The Washington Post-ის მიხედვით.