ქალების რეიტინგის ლიდერი სიმონა ჰალეპი როლან გაროსში მხოლოდ მეოთხე დღეს ჩაერთო. მისი მატჩი მსოფლიოს 83-ე ჩოგანთან, ამერიკელ ელისონ რისკესთან სამშაბათს უნდა გამართულიყო, მაგრამ სიბნელის გამო ორგანიზატორებმა ოთხშაბათისთვის გადაიტანეს.
როგორც ჩანს, შარშანდელ ფინალისტზე ზედმეტმა ლოდინმა უარყოფითად იმოქმედა და ჰალეპმა მატჩი ზედიზედ ხუთი გეიმის წაგებით დაიწყო. რუმინელს პირველ სეტში 16 უნებლიე შეცდომა დაუგროვდა და მხოლოდ ოთხი „ვინერსი“ ჰქონდა.
მაგრამ, მეორე სეტიდან სულ სხვა პირველი ნომერი ვიხილეთ კორტზე. ჰალეპმა მხოლოდ ხუთი ქულა დათმო მეორე პარტიის პირველ ხუთ გეიმში, მესამეშიც მძლავრად გამოიყურებოდა და არ დაუშვა ქალთა ტურნირზე მორიგი სენსაცია – 2:6, 6:1, 6:1.