ოფიციალურად - სიმონა ჰალეპს დოპინგის მიღება დაუდასტურდა, რუმინელი ჩოგბურთელი ტურნირებს ჩამოაშორეს #1TVSPORT
მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა სიმონა ჰალეპმა დადებითი დოპინგ-ტესტი ჩააბარა 2022 წლის აშშ-ის ღია პირველობაზე.
რუმინელმა ჩოგბურთელმა აკრძალულ პრეპარატზე ჩაგდებული ტესტის შესახებ კომენტარი საკუთარ „ინსტაგრამზე“ გააკეთა.
„დღეს იწყება ყველაზე რთული მატჩი ჩემს ცხოვრებაში: ბრძოლა სიმართლისთვის. შემატყობინეს, რომ დადებითი ტესტი ჩავაბარე პრეპარატზე, რომელსაც როქსადუსტატი ჰქვია. მისი შემცველობა მინიმალურია. ეს ყველაზე დიდი შოკია ჩემს ცხოვრებაში.
მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში არასოდეს მომსვლია აზრად თაღლითობა. რადგან ეს თავიდან ბოლომდე ეწინააღმდეგება ჩემს ღირებულებებს. ასეთ უსამართლობასთან შეჯახების შემდეგ, სრულიად დაბნეული ვარ და მიმაჩნია, რომ მიღალატეს.
ვიბრძოლებ ბოლომდე, რათა დავამტკიცო, რომ შეგნებულად არასოდეს მიმიღია აკრძალული პრეპარატი და მჯერა, რომ ადრე თუ გვიან, სიმართლე გაიმარჯვებს.
საქმე ტიტულებსა და ფულში არ არის. ლაპარაკია ღირსებასა და სიყვარულზე, რომელსაც ჩოგბურთის მიმართ განვიცდიდი ბოლო 25 წლის განმავლობაში“, – დაწერა ჰალეპმა.
როგორც Sky Sports წერს, ამ მომენტისთვის რუმინელი ჩოგბურთელი ოფიციალურად არის ჩამოშორებული ტურნირებს.
აშშ-ის ღია პირველობის წლევანდელ გათამაშებაში ჰალეპმა პირველივე წრეში წააგო უკრაინელ სნიგურთან.