ავსტრალიის ღია პირველობის ქალთა ტურნირის რიგით მესამე მეოთხედფინალისტი 39 წლის ამერიკელი სერენა უილიამსი გახდა. ორი საათი და 11 წუთი ბრძოლის შემდეგ, მან სამ სეტში მოუგო ბელარუს არინა საბალენკას, რომელსაც მანამდე ბოლო 19 მატჩში 18 ჰქონდა მოგებული – 6:4, 2:6, 6:4.
პირველ სეტში სერენას მეშვიდე გეიმში ორი ბრეიკ-პოინტის მოგერიება მოუწია, თავად მეათე გეიმში მიიღო ასევე ორ ბრეიკ-პოინტი და შანსი გამოიყენა, რითაც სეტებში დაწინაურდა. მეორე პარტიაში საბალენკამ ზედიზედ სამჯერ აიღო მეტოქის მოწოდება, რასაც ამერიკელმა ერთხელ უპასუხა.
საჭირო გახდა მესამე სეტის თამაში. უილიამსი ბრეიკით 4:1 დაწინაურდა და დამაჯერებლად მიდიოდა მოგებამდე, მაგრამ ერთი ჩავარდნა თავიდან ვერ აიცილა – საბალენკამ მეშვიდე გეიმში უკუბრეიკი შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა. განმეორდა პირველი სეტის სურათი – სერენამ მეათე გეიმში შეასრულებული ბრეიკით მოიგო სეტი და მატჩი.
ამერიკელი მეცამეტედ ითამაშებს ავსტრალიის ღიას მეოთხედფინალში. მისი მეტოქე ამ ეტაპზე მოგვიანებით გაირკვევა როლან გაროსის ჩემპიონის იგა შვიოტეკისა და სიმონა ჰალეპის მატჩში.