პირველი არხის ჟურნალისტი გურამ როგავა - სპეცოპერაციის სივრცეში მოხვედრა მოვახერხეთ, თავს შევიკავებ თქმისგან, სადაა განლაგებული სპეცრაზმი

პირველი არხის ჟურნალისტის გურამ როგავას ინფორმაციით, ბერი გაბრიელის ქუჩაზე სპეცოპერაცია გრძელდება. გურამ როგავა ოპერატორთან ერთად სწორედ იმ კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე შევიდა, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

„სპეცოპერაციის გარკვეულ მანძილამდე შესვლა შევძელით, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ სპეცოპერაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც შეიძლება ეთერში გადავცეთ, შესაძლოა, ამ ადამიანებისთვის სასარგებლო ინფორმაცია აღმოჩნდეს, თავს შევიკავებ იმის თქმისგან, თუ სად არიან განლაგებული სპეცრაზმისა და პოლიციის წარმომადგენლები.

გეტყვით, რომ შიდა სივრცეში აღმოვჩნდით. ამ ტერიტორიაზე იმ შემოვლითი გზის მოძებნა შევძელით, საიდანაც სურათს ახლოდან დავინახავდით. უსაფრთხოების უმკაცრესი ზომებია მიღებული და ადგილზე პოლიციელების დიდი რაოდენობაა მობილიზებული. სპეცოპერაცია მასშტაბურია და უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. არ არის გამორიცხული, ამ ადამიანებს ტელევიზორი ჩართული ჰქონდეთ და მათ კოორდინატებს ვაწვდიდეთ. შესაბამისად, ჩემს კოლეგებს ვთხოვ, ამ ფაქტების გასაჯაროებისგან თავი შეიკავონ“, – აცხადებს როგავა.

როგავა ამბობს, რომ კონკრეტული უწყების წარმომადგენლებს ესაუბრა, რომელთაც პირად საუბარში უთხრეს, რომ ის პირები ეროვნებით ჩეჩნები არიან, რომელთა მიმართ დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს.

„სამწუხაროა, მაგრამ ამ ადამიანების აყვანის სპეცოპერციის დასრულება ვერ ხერხდება და შესაბამისად, ისინი ბინაში გამაგრებულები რჩებიან. როგორც ერთ-ერთი უწყების წარმომადგენელმა მითხრა, ისინი საკმაოდ კარგად არიან მომზადებულები, მათი მომზადების დონე ძალიან მაღალია და მათი წინააღმდეგობის გაწევა უჭირთ“, – განაცხადა როგავამ პირველი არხის ეთერში.