პეტრას აუსტრევიჩუსი - ზოგიერთ პოლიტიკოსს სისხლი უდუღს, მაგრამ ყოველთვის არის რაღაც, რის გამოც ღირს წაგების გარისკვა, ეს არის ეროვნული ინტერესი
კომპრომისი ორივე მხრიდან, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. არავის სურს პოლიტიკური სახის დაკარგვა მეორეს სასარგებლოდ. მე ვიცი, რომ ეს რთულია. ვიცი, რომ ზოგიერთ პოლიტიკოსს სისხლი უდუღს, ეს ქართული ტრადიციაა, მაგრამ ყოველთვის არის რაღაც, რის გამოც ღირს წაგების გარისკვა. ეს არის ეროვნული ინტერესი, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, პეტრას აუსტრევიჩუსმა განაცხადა.
ევროპარლამენტარმა იმ ჯგუფის შესახებაც ისაუბრა, რომელიც ევროპარლამენტის პრეზიდენტის, დევიდ სასოლის ინიციატივით უნდა შეიქმნას და სადაც საქართველოში შექმნილ სიტუაციაზე იმსჯელებენ.
პეტრას აუსტრევიჩუსის თქმით, მათი მთავარი ინტერესი საქართველოს კრიზისიდან გამოყვანა და პოლიტიკური სტაბილურობაა.
„ეს ჯგუფი შეძლებისდაგვარად სწრაფად ჩამოყალიბდება და ეცდება, რომ პრეზიდენტ სასოლის ინიციატივით, რომელმაც მოგვიწვია მთავარი პოლიტიკური ჯგუფები, გავცვალოთ მოსაზრებები საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე. ვისურვებ შეთანხმებას, პოლიკურ სტაბილურობასა და პოლიტიკურ თანამშრომლობას საქართველოში, ეს არის ჩვენი უმთავრესი ინტერესი. ჩვენ გვინდა საქართველოს ვხედავდეთ, როგორ ნერგავს ასოცირების შეთანხმებას და როგორ მიდის წინ ამ მხრივ. ჩვენ განვიხილავთ სხვადასხვა შესაძლებლობას, როგორ შეიძლება ვიყოთ ჩართულები ამ პოლიტიკური კრიზისის გადაჭრაში. ჩვენ არ ვქმნით არანაირ ფორმალურ ჯგუფს, ეს არის არაფორმალური გაერთიანება იმ ადამიანების, ვინც ისედაც არიან დაკავშირებული საქართველოსთან. ველით მხოლოდ კარგ ამბებს საქართველოსგან, რადგან ეს მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხისთვის იქნება კარგი“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.
პეტრას აუსტრევიჩუსის შეფასებით, პოლიტიკური დაძაბულობა საქართველოში ახალი ფენომენი არ არის და ამ კონტექსტში 2020 წელი გაიხსენა.
„ეს არ არის კარგი, ეს ქმნის ატმოსფეროს, სადაც არ არის ნდობა და თანამშრომლობა. მაჩვენეთ ერთი ნორმალური ქვეყანა, რომელიც ვითარდება და შეუძლია სტაბილურობის შენარჩუნება, თუ მას ასეთი ტიპის, მუდმივად არასტაბილური ჯინი ჰყავს პოლიტიკურ სხეულში. ეს უნდა დასრულდეს. ჩვენ ვისაუბრეთ პრეზიდენტ სასოლისთან ჩვენს მოსაზრებებზე, როგორ წარმოგვიდგენია ამ გართულებული პოლიტიკური ლანდშაფტიდან გამოსვლა. ჩემი აზრით, ადრე თუ გვიან, ეს იქნება დასრულებული და რასაკვირველია, ორივე მხარისგან მოითხოვს კომპრომისს. კომპრომისი ორივე მხრიდან, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩემი აზრით. არავის სურს პოლიტიკური სახის დაკარგვა მეორის სასარგებლოდ. მე ვიცი, რომ ეს რთულია, ვიცი, რომ ზოგიერთ პოლიტიკოსს სისხლი უდუღს, ეს ქართული ტრადიციაა, მაგრამ ყოველთვის არის რაღაც, რის გამოც ღირს წაგების გარისკვა. ეს არის ეროვნული ინტერესი“, – განაცხადა პეტრას აუსტრევიჩუსმა.