შალვა პაპუაშვილი - ვისურვებდი, ლიეტუვის საელჩომ გააკეთოს განმარტება, რატომ ესხმის თავს ლიეტუველი პოლიტიკოსი ქართულ პოლიციას
შალვა პაპუაშვილი - ვისურვებდი, ლიეტუვის საელჩომ გააკეთოს განმარტება, რატომ ესხმის თავს ლიეტუველი პოლიტიკოსი ქართულ პოლიციას

ვისურვებდი, ლიეტუვის საელჩომ გააკეთოს განმარტება, რატომ ესხმის თავს ლიეტუველი პოლიტიკოსი ქართულ პოლიციას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩუსის განცხადება, რომელმაც სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენელთა, კერძოდ, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის, ზვიად ხარაზიშვილისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის დასანქცირება მოითხოვა, არის თავდასხმა ქართულ პოლიციაზე.

„ჩვენ გუშინ კიდევ ერთხელ ვიხილეთ ევროპარლამენტარის, რომელიც ამავე დროს არის ლიეტუვის სახელისუფლებო პარტიის კოალიციაში შემავალი პარტიის წარმომადგენელი, თავდასხმა ქართულ პოლიციაზე. პოლიციაზე თავდასხმა გულისხმობს სახელმწიფოზე თავდასხმას და მე ვისურვებდი, რომ ლიეტუვის საელჩომ გააკეთოს განმარტება ამასთან დაკავშირებით, რასთან გვაქვს საქმე, რატომ ესხმის თავს ლიეტუველი პოლიტიკოსი ქართულ პოლიციას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, პაპუაშვილის განმარტებით, სამწუხაროდ, ახსოვთ თავად ლიეტუვის ელჩის განცხადებაც 2021 წელს, როდესაც ნიკა მელიას დაკავება მოხდა და მაშინ მან ძალადობა უწოდა პოლიციის ქმედებას.

„სტრასბურგის სასამართლომ შემდეგ დაადასტურა, რომ ეს იყო კანონით გათვალისწინებული ღონისძიება და თქვა, რომ ლიეტუვის ელჩის მაშინდელი განცხადება არ შეესაბამებოდა სიმართლეს. ასე რომ, ეს ტენდენციები ქართულ პოლიციაზე თავდასხმისა, ლიეტუვის ელჩის მაშინდელი განცხადება, ახლა ლიეტუველი  პოლიტიკოსის განცხადება, რომელიც ამავე დროს სახელისუფლო პარტიის წარმომადგენელია, არის ძალიან სამწუხარო. კარგი იქნება, თუ ლიეტუვის საელჩო ამ საკითხზე გააკეთებს განმარტებას, რადგან ეს არის პოლიტიკური, იდეოლოგიური მხარდაჭერა „მოლოტოვის კოქტეილებისა“, რომელიც ჩვენ ვნახეთ შარშან, მარტში. მათ შორის, ვნახეთ, რომ „მოლოტოვის კოქტეილის“ რომანტიზება ზუსტად იმავე ევროპარლამენტარების მიერ მართული „ევროპის დემოკრატიის ფონდის“ დაფინანსებით ხდებოდა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.