პეტრას აუსტრევიჩუსი - ზურაბიშვილს ევროპარლამენტში გამოსვლისას რომ ეთქვა, დაბრუნებისას გვარამიას და სააკაშვილს შევიწყალებო, ეს ძალიან მკაფიო და დასაფასებელი იქნებოდა
პრეზიდენტი ზურაბიშვილი მკაფიო იყო საქართველოს ისტორიის შესახებ. ვრცლად ისაუბრა ქვეყნის ისტორიაზე, ვფიქრობ, ძალიან მკაფიო იყო ქართველი ხალხის მისწრაფებებზეც. ის, რაზეც ცოტა მოკლე და ჩემთვის ნაკლებად მკაფიო იყო, არის პრეზიდენტის შეშფოთება მთავრობით, რომ გააკეთონ ყველაფერი, რაც შესაძლებელია და კიდევ მეტი, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, პეტრას აუსტრევიჩუსმა ევროპარლამენტში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.
პეტრას აუსტრევიჩუსის თქმით, „საქართველოს მთავრობამ უნდა გააკეთოს ცოტათი უფრო მეტი, რათა დაეწიოს მიმავალ მატარებელს რეფორმებისა და რეკომენდაციების იმპლემენტაციის თვალსაზრისით“.
„როდესაც მე ვუსმენ ექსპერტებს და „ენჯეოებს“ საქართველოდან, რომლებიც რეკომენდაციების შესრულებას დაბალ რეიტინგს აძლევენ, ამას ყოველთვის ვამოწმებ ექსპერტებისა და მთავრობის ანგარიშებში. მე არ ვარ მაინც და მაინც ოპტიმისტი იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობა ახლა იმითაა დაკავებული, რაც საჭიროა. დრო ცოტაა და მეტი ისტორიული შანსი არ იქნება. მე არ ვფიქრობ, რომ მთავრობის მეთაურმა კომენტარი უნდა აკეთოს უკრაინის სწრაფვაზე ნატო-სკენ, როგორც მიზეზზე, რადგან ეს ისტორიის სრულიად არასწორი მხარეა. მოდი, კონცენტრირდით საკუთარ საშინაო დავალებაზე – ესაა ჩემი რჩევა“, – აღნიშნა პეტრას აუსტრევიჩუსმა.
ამასთან, პეტრას აუსტრევიჩუსის თქმით, დასაფასებელი იქნებოდა, სალომე ზურაბიშვილს ევროპარლამენტში გამოსვლისას რომ ეთქვა, საქართველოში დაბრუნებისას ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებდა.
„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, იყო მსუბუქი გზავნილი, შევნიშნე, რომ იყო რაღაც დემოკრატიულ რეფორმებზე. მან გამოსვლაში უმაღლესად შეაფასა პრეზიდენტი სააკაშვილი რეფორმებისთვის. მესმის, რომ შეიძლება, თავი აარიდო ამ უსიამოვნო საკითხებს, კი, მესმის, რომ ეს უსიამოვნოა, მაგრამ სესიის წინ ჩვენ აქ პოლიტიკური აქცია გვქონდა ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად. ეს რეალურია, ეს თამაში არ არის, ჩვენ არ ვთამაშობთ პოლიტიკურ თამაშებს. ჩვენ ძალიან სერიოზულები ვართ იმ მოქმედებების შესახებ, რომლებიც არ ჩანს. მას რომ ეთქვა, დაბრუნებისას ორივეს შევიწყალებო, ეს ძალიან მკაფიო და დასაფასებელი იქნებოდა“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა.