ირაკლი ქადაგიშვილი - აუსტრევიჩუსი, სულ მცირე, უზრდელია, რა ენითაც საუბრობს, ეს მეტყველებს, რომ მართლაც გარკვეული ბანდის ინტერესის გამტარებელია
აუსტრევიჩუსი, სულ მცირე, უზრდელია, რა ენითაც საუბრობს, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ მართლაც გარკვეული ბანდის ინტერესის გამტარებელია, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილს კითხვა დაუსვეს ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩუსის განცხადებაზე, რომ „ქართული ოცნება“ კოლექტიური ბანდაა და მათი ინტერესი კოლექტიური უსაფრთხოების დაცვა არ არის.
ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, აუსტრევიჩუსმა უნდა იცოდეს, რომ საქართველოს კოლექტიური უსაფრთხოების სისტემაში არანაკლები როლი აქვს შეტანილი და შეიძლება, უფრო მეტიც, ვიდრე მის ქვეყანას.
„ეტყობა, აუსტრევიჩუსი მთლიანად გამოსულია წყობიდან და მისი განცხადება ნორმალური პოლიტიკოსის მხრიდან კომენტარსაც კი არ იმსახურებს. რა ენითაც საუბრობს, კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ მას პოლიტიკასთან კი არ აქვს საერთო, ის მართლაც გარკვეული ბანდის ინტერესის გამტარებელია, თუ მაინც და მაინც ბანდაზე აქვს ლაპარაკი. როცა სხვა სუვერენული სახელმწიფოს მთავრობას ასეთი სიტყვებით მოიხსენიებ, რა თქმა უნდა, მისი, როგორც სერიოზული პოლიტიკოსის განხილვა დასრულებულია. რაც შეეხება იმას, რომ უკრაინისთვის ნატო-ს წევრობა და მისი სრული მხარდაჭერა მნიშვნელოვანია დღეს, პირველ რიგში, ამას უკრაინის ხელისუფლება ლაპარაკობს. თუ რუსეთი დამარცხდა ამ ომში, რა თქმა უნდა, უკვე სულ სხვა მოცემულობა დგება და ამ შემთხვევაში, უკრაინას სულ სხვა მდგომარეობა აქვს, ვიდრე მხოლოდ ნატო-ს ასპირანტი ქვეყნის. აუსტრევიჩუსი, სულ მცირე, უზრდელია და ამით ამ ადამიანზე საუბარი დავამთავროთ. რაც შეეხება კოლექტიურ უსაფრთხოებას, აუსტრევიჩუსმა ახლა რომ გამოიღვიძა, კარგად უნდა იცოდეს, რომ საქართველოს კოლექტიური უსაფრთხოების სისტემაში, ისე, რომ ამ კოლექტიური უსაფრთხოებით დაცული თავად არასდროს იყო, არანაკლები როლი აქვს შეტანილი, შეიძლება, სადღაც უფრო მეტი, ვიდრე მის ქვეყანას“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.