ალექსანდრე რაქვიაშვილი - ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ, „ვარდების რევოლუცია“ სულ სხვა კონტექსტში, სხვანაირად კეთდებოდა და არაფერ შუაში არ არის ჩვენს რეალობასთან
ალექსანდრე რაქვიაშვილი - ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ, „ვარდების რევოლუცია“ სულ სხვა კონტექსტში, სხვანაირად კეთდებოდა და არაფერ შუაში არ არის ჩვენს რეალობასთან

ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ, „ვარდების რევოლუცია“ სულ სხვა კონტექსტში, სხვანაირად კეთდებოდა და არაფერ შუაში არ არის ჩვენს რეალობასთან, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

რაქვიაშვილს კითხვა დაუსვეს ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსის განცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა: „„ვარდების რევოლუციის“ სულისკვეთებას შეუძლია, გადაარჩინოს საქართველოს ევროპული მომავალი“.

„ძალიან გამიკვირდება, რევოლუცია მოხდეს. ზოგადად, რევოლუციის პროგნოზირება რთულია. მგონი, ეს ვითარება არ გვაქვს. მით უმეტეს, ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ, „ვარდების რევოლუცია“ სულ სხვა კონტექსტში, სხვანაირად კეთდებოდა და არაფერ შუაში არ არის ჩვენს რეალობასთან. ესკალაცია თუ გაგრძელდა, რაღაც მომენტში აუცილებლად მივალთ ვითარებამდე, როცა ამის რისკი გაიზრდება. აქამდე მიტინგზე ის ხალხი მოდიოდა, რომელიც არ აპირებდა პარლამენტის შტურმით აღებას. მეც იქ ვიყავი ორივე დღეს და დღესაც წავალ. არ მაქვს განცდა, რომ ხალხი რევოლუციისთვის ემზადება. შეიძლება, იყოს 100 კაცი, რომელსაც სხვანაირი მოლოდინი ჰქონდეს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, რევოლუციებს მთავრობები აწყობენ და არა ოპოზიციონერები. მთავრობა არაადეკვატურად თუ მოიქცევა და ეს დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება, რატომაც არა, შეიძლება ამითაც დამთავრდეს“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.