შალვა პაპუაშვილი - ვხედავთ იმავე სახელებს, სახეებს, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ დიდი ხნის მფარველები არიან, საითკენ მიჰყავთ ყველაფერი, ყველაზე არაევროპული, არაქართული გზა არის ძალადობა
ვხედავთ იმავე სახელებს, სახეებს, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ დიდი ხნის მფარველები არიან და ვხედავთ, საითკენ მიჰყავთ ყველაფერი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩუსის განცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა: „„ვარდების რევოლუციის“ სულისკვეთებას შეუძლია, გადაარჩინოს საქართველოს ევროპული მომავალი“.
„ვხედავთ, იგივე სახეებია, იგივე სახელებია, რომლებიც არიან „ნაციონალური მოძრაობის“ დიდი ხნის მფარველები და ვხედავთ, საითკენ მიჰყავთ ეს ყველაფერი. ფარული დაფინანსებებიც ხომ მანდეთ არის და აგრესიული ქმედებები პოლიციის წინააღმდეგ, რაც გუშინ ვიხილეთ. ჩვენ ყოველთვის ვამაყობდით, რომ აქციები ყოველთვის იყო მშვიდობიანი, ერთი ფოთოლი არ ვარდებოდა ხოლმე ხიდან. ეს იყო ჩვენი საპროტესტო ისტორიის ყველაზე საამაყო ფურცელი. რასაც ვხედავდით გუშინ და გუშინწინ, ფაქტობრივად, ძალადობა იქცა მათთვის ნორმალიზებულ ინსტრუმენტად. აღარ არის ინტერესი, რომ ჩაატარონ აქცია რუსთაველზე, პირდაპირ ინტერესია, გადაკეტონ შემოსასვლელები, შევიდნენ ფიზიკურ კონტაქტში პოლიციასთან, რაიმენაირად მოახდინონ პროვოცირება, იქნებ შექმნან ვიზუალი, კადრები, რაც ძალიან უყვართ, რომ სადმე ჩანდეს გარკვეული ძალის გამოყენება. ზუსტად ეს არის არაქართული. ამ ე.წ. სამოქალაქო აქტივისტებისთვის, რომლებსაც ახლა ვხედავთ – „სირცხვილიას“ და „ფრანკლინის კლუბს“, რომლებიც უცხოური დაფინანსებით ატრენინგებდნენ ახალგაზრდებს – გამოდის, რომ მათი ევროპა ეს არის – ძალადობა, როგორც პოლიტიკური მიზნის მიღწევის ინსტრუმენტი. ეს არის ყველაზე არაევროპული და არაქართული გზა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.