„პერსევერანსმა“ მარსზე სიცოცხლის ნიშნების ძებნა ოფიციალურად დაიწყო — #1tvმეცნიერება
„პერსევერანსმა“ მარსზე სიცოცხლის ნიშნების ძებნა ოფიციალურად დაიწყო — #1tvმეცნიერება

მარსმავალ „პერსევერანსის“ ბორტზე არსებულმა ინსტრუმენტთა ნაკრებმა, რომელსაც SuperCam-ს უწოდებენ, არამიწიერი სიცოცხლის კვალის ძებნა ოფიციალურად დაიწყო და წითელი პლანეტის ზედაპირზე პირველი ნიმუშებიც აიღო.

„წლების შემდეგ, მის მიერ შეგროვებული ქანების ნიმუშების დედამიწაზე ჩამოტანა მეცნიერებისთვის პლანეტური კვლევების ნამდვილი წმინდა გრაალი იქნება“, — ამბობს საფრანგეთის კოსმოსის კვლევების ეროვნული ცენტრის პრეზიდენტი ჟან-ივ ლე გალი.

მისივე თქმით, მარსის ეს ნიმუშები საბოლოოდ გასცემს პასუხს ერთ ამაღელვებელ და ფუნდამენტურ კითხვას: იყო თუ არა ოდესმე სიცოცხლე დედამიწის გარდა სხვაგანაც?

კოსმოსში შვიდთვიანი მოგზაურობის შემდეგ, NASA-ს მავალი „პერსევერანსი“ მარსზე 18 თებერვალს, პლანეტის ეკვატორის ოდნავ ჩრდილოეთით, ეზეროს კრატერში დაჯდა, რომელიც ოდესღაც წყლით იყო სავსე.

„ამ ასტრობიოლოგიური მისიის კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტია SuperCam-ი“, — ამბობს NASA-ს სამეცნიერო მისიათა ხელმძღვანელის მოადგილე თომას ზურბუკენი.

მავალის გრძელ რობოტულ მკლავზე დამონტაჟებული ეს მოწყობილობა აღჭურვილია სპექტრომეტრებით, ლაზერით და ინსტრუმენტებით, რომლებიც შეისწავლის პლანეტის ზედაპირის ქიმიურ, მინერალოგიურ და მოლეკულურ შემადგენლობას.

SuperCam-ის ლაზერს შეუძლია ობიექტები კალმის წვერზე წვრილად დაშალოს შვიდი მეტრის მანძილიდან და დააკვირდეს ისეთ წერტილებს, რომლებსაც მავალის რობოტული მკლავი ფიზიკურად ვერ მისწვდება.

აშშ-ის ლოს-ალამოსის ეროვნული ლაბორატორიის მკვლევრის, სკოტ რობინსონის განცხადებით, გაშვებამდე, მისიას ერთი დიდი უბედურება შეემთხვა; მისივე თქმით, პროექტზე ჯამში ხუთასზე მეტი ინჟინერი და მეცნიერი მუშაობდა.

„ოთხი თვით ადრე. რობოტული მკლავის ოპტიკა უეცარი ინციდენტის დროს განადგურდა. ჯგუფმა ყველა დეტალი ხელახლა შეაგროვა და ტელესკოპი ნულიდან ააწყო“, — ამბობს რობინსონი.

მოწყობილობის აწყობისას, ინჟინრებმა აღმოაჩინეს ხარვეზი, რომელსაც რობინსონი ძირითად სარკეში „ჰაბლის მსგავს“ ხარვეზს ადარებს.

1990 წელს, ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის გაშვებიდან მალევე, მეცნიერები მიხვდნენ, რომ ობსერვატორიის ძირითად სარკეს ცდომილება ჰქონდა, რის გამოც მკაფიო სურათებს ვერ იღებდა; ხარვეზი მოგვიანებით შეასწორეს.

მეცნიერების აზრით, კრატერში, რომელშიც „პერსევერანსი“ დაჯდა, 3,5 მილიარდი წლის წინ მდინარე ჩაედინებოდა და ღრმა ტბას წარმოქმნიდა, შესართავთან კი დელტის ფორმით ლექავდა მინერალებს.

მავალის მიზანია, დალუქულ მილებში ქვებისა და ნიადაგის ოცზე მეტი ნიმუში შეგროვოს, რომლებსაც 2030-იან წლებში სხვა მისია დედამიწაზე ჩამოიტანს ანალიზებისთვის.

პერსევერანსი“ დაახლოებით სპორტული ავტომობილის (SUV) ზომისაა და აღჭურვილია ორმეტრიანი რობოტული მკლავით, 19 კამერით, ორი მიკროფონით და სხვა მოწინავე ინსტრუმენტებით.

მავალი „მუცელში“ მალავს ვერტმფრენ-დრონს, რომელიც უახლოეს თვეებში მარსის ჰაერში ფრენას შეეცდება.

ბორტზე არსებული კიდევ ერთი ინსტრუმენტი მარსის ატმოსფეროში არსებული ნახშირორჟანგიდან ჟანგბადის მიღებას შეეცდება; თუ ამ ტექნოლოგიამ გაამართლა, სამომავლოდ დიდად წაადგება იქ ადამიანთა ჩასვლას.

„პერსევერანსი“ მარსზე დაშვებული მეხუთე მავალია. ყველა მათგანი NASA-ს ეკუთვნის. პირველი მავალი წითელ პლანეტაზე 1997 წელს დაჯდა.

მისიის ძირითადი ნაწილი ორ წელიწადს გაგრძელდება, მაგრამ მავალმა შეიძლება გაცილებით დიდხანს იმუშაოს.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.