პაველ კლიმკინი: რუსეთის მიერ უცხოელი დიპლომატების გაძევება აზრს მოკლებული ქმედებაა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის საგარეო უწყების მიერ უცხოელი დიპლომატების გაძევებას ნონსენსად აფასებს. მისი თქმით, რუსეთმა საერთაშორისო საზოგადოებისგან ასეთი მწვავე რეაქცია მისივე ქმედებების გამო დაიმსახურა.
„ეს რუსეთმა მოაწყო – სოლსბერიში ადამიანის მოსაკლავად გეგმა რუსეთმა დასახა და არა ჩვენ, ან რომელიმე სხვა სახელმწიფომ. სწორედ ამის გამო დაიმსახურა რუსეთის მთავრობამ ცივილიზებული სამყაროსგან ასეთი მწვავე პასუხი. რუსეთის მიერ უცხოელი დიპლომატების გაძევება აზრს მოკლებული ქმედებაა“ – განაცხადა კლიმკინმა.
უკრაინის პირველი დიპლომატის შეფასება რუსეთის ფედერაციის დუმაში გააკრიტიკეს.
გუშინ რუსეთის საგარეო უწყების გადაწყვეტილებით, ქვეყნის ტერიტორიიდან 13 უკრაინელი დიპლომატი გააძევეს.
4 მარტს ქალაქ სოლსბერიში რუსეთის სპეცსამსახურის ყოფილი მზვერავი და ორმაგი ჯაშუში სერგეი სკრიპალი ქალიშვილთან ერთად მოწამლეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ორივეს წინააღმდეგ ქიმიური იარაღი – ე.წ. ნერვული გაზი გამოიყენეს. სკრიპალის მოწამვლას და გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენებას დასავლურმა ქვეყნებმა მკაცრი ზომებით უპასუხეს. ბრიტანეთისადმი სოლიდარობის ნიშნად, 30-მდე სახელმწიფომ რუსი დიპლომატები გააძევა. ამ ქვეყნებს შორისაა საქართველოც.
კრემლმა 23 ქვეყანას სარკისებრი მეთოდით უპასუხა, – იმდენივე დიპლომატს დაატოვებინა ქვეყანა, რამდენი რუსი დიპლომატიც იმავე სახელმწიფომ გააძევა.