დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ევროპელი დიპლომატების გაძევება რუსეთის ხელისუფლების მცდელობაა, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება გადაიტანონ
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ევროპელი დიპლომატების გაძევება რუსეთის ხელისუფლების მცდელობაა, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება გადაიტანონ

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დომინიკ რააბი თვლის, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ქვეყნიდან ევროპელი დიპლომატების გამოძევებით სცადა, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება გადაეტანა რუსეთში ოპოზიციის დევნისგან.

„გერმანელი, პოლონელი და შვედი დიპლომატების გაძევება მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი საკუთარ საქმეს აკეთებდნენ, არის რუსეთის ხელისუფლების უხეში მცდელობა, საერთაშორისო საზოგადოებას ყურადღება გადაატანინონ ჟურნალისტების და ოპოზიციის ლიდერების დევნის ფაქტებისგან“, – წერს დომინიკ რააბი მიკრობლოგ „ტვიტერზე“.

დომინიკ რააბი გაძევებულ დიპლომატებს სოლიდარობას უცხადებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამი ევროპელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გუშინ გამოაცხადა და ისინი ქვეყნიდან გააძევა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს შვედეთის, პოლონეთისა და გერმანიის საელჩოების წარმომადგენლები და 23 იანვარს მოსკოვსა და პეტერბურგში გამართულ დემონსტრაციებში მათი დიპლომატიური მისიების თანამშრომლების მონაწილეობისთვის პროტესტი გამოუცხადეს.

რუსეთის საგარეო უწყებაში განმარტავენ, რომ ევროპელი დიპლომატების ამგვარი ქმედებები მიუღებელია და არ შეესაბამება დიპლომატიურ სტატუსს.