პაველ კლიმკინი რუსეთის სანქციებზე - დაიწყო სერიალი არჩევნების წინ
პაველ კლიმკინი რუსეთის სანქციებზე - დაიწყო სერიალი არჩევნების წინ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, პაველ კლიმკინს მიაჩნია, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არჩევნების წინ დაწყებული სერიალია.

„რუსეთის მიერ სანქციების დაწესება ნიშნავს არჩევნების წინ  სერიალის დაწყებას და უკრაინაზე გავლენის მოხდენის მცდელობას. სინამდვილეში ეს პირველი სერიაც არაა, ჯერ მხოლოდ თიზერია“,- განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სანქციები დღეს დააწესა.ეკონომიკური შეზღუდვები შეეხება უკრაინის 68 კომპანიას და 322 ფიზიკურ პირს. რუსეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ სანქციები რუსეთის ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ უკრაინის არამეგობრული ქმედებების გამო დაწესდა.

უკრაინის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა 22 ოქტომბერს გამოსცა. სასანქციო სიაში მოხვდნენ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი, უკრაინის თავდაცვის მინისტრი სტეპან პოლტორაკი, უკრაინის პარლამენტის ხელმძღვანელი ანდრეი პარუბი, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვიქტორ მუჟენკო, უკრაინის მთავარი პროკურორი იური ლუცენკო, ასევე მთავრობისა და პარლამენტის წევრების ნაწილი.