თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქციის განახლება დღეს, 16:00 საათზე იგეგმება. ამის შესახებ აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს.
ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამამ, ზაზა სარალიძემ და აქციაზე შეკრებილთა ნაწილმა ღამე რუსთაველის გამზირზე გაატარეს. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ისინი პარლამენტის შენობის წინ ამ დრომდე რჩებიან.
აქცია გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ დაიწყო.
ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები ჯერ მთავარ პროკურატურასთან შეიკრიბნენ, მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომის შემდეგ კი საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გადაინაცვლეს.
აქციის მონაწილეებთან მივიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელმაც შეკრებილებს მიმართა, თუმცა აქციის მონაწილეებმა სიტყვის დასრულების შესაძლებლობა არ მისცეს, რის შემდეგაც გიორგი კვირიკაშვილმა ტერიტორია დატოვა. აქციის მონაწილეთა ნაწილმა გიორგი კვირიკაშვილისკენ ბოთლები ისროლა.
მოგვიანებით, გიორგი კვირიკაშვილმა ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში გამართა.