ელენე ხოშტარია - თეა წულუკიანი ჩემოდნებს უნდა ალაგებდეს და მორალურ თუ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე ფიქრობდეს
არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო თეა წულუკიანის ძალიან ცინიკურ, უპასუხისმგებლო და მე ვიტყოდი, დანაშაულებრივ განცხადებებს, რომლებიც ახლა თქვენს ეთერში მოვისმინეთ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„ის საერთოდ არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებს იმ უსამართლობაზე, იმ პროტესტზე, რაც დღეს აქ, ქალაქის ცენტრში ხდება, იმ უბედურებაზე, რომელსაც დღეების განმავლობაში ვუყურებთ და ცდილობს, რაღაც შეფუთოს, ვითომ, ამ საქმეში მოწმეების პრობლემა ყოფილა“, – განაცხადა ხოშტარიამ.
მისი თქმით, სარალიძის მამისგან და დაზარალებულებისგან კონკრეტული მტკიცებულებების განადგურებაზე მიდის საუბარი.
„ასევე მიდის საუბარი იმაზე, რომ მაღალჩინოსნის ნათესავის მიმართ ბრალდებაში კითხვაც კი არ არის. ანუ, მირზა სუბელიანის ნათესავზე კითხვის ნიშანიც კი არ ისმის, რომ საერთოდ, ფორმალურად, ის ამ ყველაფრის მოწმეა და თურმე, იმასთან, რაც მოხდა, არანაირი კავშირი არ აქვს. ამ საქმეში 36 ჭრილობაა და მათ მიმართ სახელმწიფო კითხვის ნიშანსაც არ სვამს. ამაზე ბატონი სარალიძე ამდენი ხანია, ძალიან დასაბუთებულად საუბრობს და ვითომ არაფერი“, – განაცხადა ხოშტარიამ.
როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, ამბობენ, ვითომ, მოწმეებიდან რაღაც ინფორმაცია ვერ ამოიღეს, მაგრამ ესეც კარგად არის დასაფიქრებელი, თუ რატომ არ აძლევენ მოწმეები ინფორმაციას.
„იმიტომ, რომ ამ პროკურატურის და გამოძიების მიმართ ნდობა არ არის, რადგან ეს მხოლოდ პოლიტიკური ბოღმით და ძიებით დაკავებული სისტემაა“, – განაცხადა ხოშტარიამ.
მისივე თქმით, დღეს მართლმსაჯულებამ ამ ოჯახს, ზაზა სარილიძეს უთხრა, რომ მისი შვილის მკვლელი არ არსებობს.
„სახელმწიფომ ზაზა სარალიძეს დღეს ეს პასუხი გასცა და თეა წულუკიანი რაზე გველაპარაკება, დილით საუბარი იყო, ზაზა სარალიძე შევიდეს და პროკურორს დაელაპარაკოსო?! რომელ პროკურორს უნდა დაელაპარაკო, ან რომელ თეა წულუკიანზე ვლაპარაკობთ?! თეა წულუკიანი ახლა ჩემოდნებს უნდა ალაგებდეს და იმ მორალურ თუ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე უნდა ფიქრობდეს, რომელიც ამ კრიზისის, უსამართლობის და სისტემის კრახის გამო აქვს“, – განაცხადა ხოშტარიამ.