თამარ ჩუგოშვილი - ძალიან მძიმე ადამიანური ტრაგედიის პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოყენება ხდება
ვხედავთ, რომ ხდება ამ ძალიან მძიმე ადამიანური ტრაგედიის პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოყენება, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.
„მართლაც არის პოლიტიკური მოთხოვნები, რომლებიც ჟღერდება. ალბათ, უკვე ძნელია, სხვანაირი მოთხოვნები იყოს, რადგან მთავარი პროკურორი გადამდგარია, საგამოძიებო კომისია შექმნილია, გამოძიება ბოლომდე მივა და უნდათ, პროცესი პოლიტიკური მოთხოვნებით გაგრძელდეს. ბუნებრივია, ამის გამოყენებას განსაკუთრებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს. მათ ადამიანური ტრაგედიები გულთან ახლოს დიდად რომ არ მიაქვთ, ეს უკვე ყველას ნანახი გვაქვს და ძალიან კარგად ვიცით“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
მისი თქმით, მთავარია, საზოგადოების ნდობა არსებობდეს მთავარი პროკურორის მიმართ, რომელიც დაინიშნება და სწორი არ იქნება, არალეგიტიმურობაში გადასულ მოთხოვნებს სახელმწიფომ ყურადღება მიაქციოს, ან, მით უმეტეს, გაითვალისწინოს.
„სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ის, რაც ლეგიტიმურია. არალეგიტიმურობაში გადადის ის, რაც ისმის. მათ შორის, სახელმწიფოს ჩამოშლა, დამხობა და ა.შ. მე ასეთი განცხადებები მოვისმინე, რაც პირადად ჩემთვის მიუღებელია. ვიღაცებს უნდათ, რომ ქვეყანა და სახელმწიფო ჩამოიშალოს და ამას ვერც მალავენ, მაგრამ ეს არ მოხდება“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
ამ განცხადებით თამარ ჩუგოშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, შეიძინა თუ არა პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებმა პოლიტიკური ელფერი, რადგან როგორც ელენე ხოშტარიამ განაცხადა, ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ ახალი მთავარი პროკურორის არჩევის საშუალებას არ მისცემს, ის საზოგადოებრივი ჯგუფიდან უნდა შეირჩეს და ამავდროულად, ისმის განცხადებები, რომ მთავრობა უნდა გადადგეს.