თეა წულუკიანი - ვცდილობთ, ზაზა სარალიძის ტკივილი გავიზიაროთ, მაგრამ მან თავისი როლი უნდა შეასრულოს და გამომძიებელთან ერთად უნდა დადგეს
თეა წულუკიანი - ვცდილობთ, ზაზა სარალიძის ტკივილი გავიზიაროთ, მაგრამ მან თავისი როლი უნდა შეასრულოს და გამომძიებელთან ერთად უნდა დადგეს

ეს ძალიან დიდი ღია ჭრილობაა და ვცდილობთ, ზაზა სარალიძის ტკივილი გავიზიაროთ, მაგრამ მან თავისი როლი უნდა ითამაშოს და გამომძიებელთან ერთად უნდა დადგეს, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.

„ზაზა სარალიძეს თავისი როლი აქვს, რადგან ის იმ უბედური ბავშვის ძალიან უბედური მშობელია, რომლის ტკივილს ბოლომდე ვერავინ ვერასდროს გაიზიარებს“, – განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ მამამ მამას, მოქალაქემ მთავარ პროკურორს ასეთი ხარისხის უნდობლობა გამოუცხადა იმის ნაცვლად, რომ როცა ამის შესაძლებლობა ჰქონდა,მთავარ პროკურორს შეხვედროდა და მუშაობა ერთად დაეწყოთ, მასთან დღესაც შესულიყო და მოესმინა, რა გამოწვევების წინაშე დგას მთავარი პროკურორი, რომლებიც იგივე გამოწვევებია, რაც ზაზა სარალიძეს უდგას. 

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა პროცედურებია გათვალისწინებული ახალი პროკურორის დანიშვნისთვის, რა ვადაში უნდა მოხდეს მისი დანიშვნა და ვინ შეიძლება იყოს მთავარი პროკურორი, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ვინ იქნება კანდიდატი, დღეს ამაზე საუბარი ძალიან რთულია, მაგრამ კანონის თანახმად, კონსულტაციები დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს.

„კანონის თანახმად, მთავარი პროკურორის პირადი განცხადება საკმარისია, რათა ჩაითვალოს, რომ მას უფლებამოსილება შეუწყდა. საპროკურორო საბჭო და პარლამენტი შეტყობინებას ოფიციალურად მიიღებს. საპროკურორო საბჭო, რომელსაც ამ კანონით იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს, ერთთვიან კონსულტაციებს იწყებს. კონკურსის წესით უნდა გამოავლინონ სამი კანდიდატი. სია გენდერულად დაბალანსებული უნდა იყოს. შემდეგ გასაუბრება ტარდება. კანდიდატები მთავრობას წარედგინება და საბოლოოდ, მთავარ პროკურორს ირჩევს, ან არ ირჩევს საქართველოს პარლამენტი. ეს არავის არ უნდა დაგვავიწყდეს“, – განაცხადა წულუკიანმა.

როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, ვერც ერთი მომავალი კანდიდატი მთავარ პროკურორად ვერ იქცევა, თუ მას პარლამენტი ნდობას არ გამოუცხადებს.