მიხეილ ჯანელიძე - საზოგადოებამ და პოლიტიკოსებმა უნდა გააძლიერონ ინსტიტუტები და არა პირიქით, დაასუსტონ და შეურაცხყონ
მიხეილ ჯანელიძე - საზოგადოებამ და პოლიტიკოსებმა უნდა გააძლიერონ ინსტიტუტები და არა პირიქით, დაასუსტონ და შეურაცხყონ

არეულობა და დაქსაქსულობა ჩვენს ქვეყანაში ბევრჯერ გვინახავს, ერთიანობა და მშვიდობა კი იშვიათად, რასაც მოფრთხილება სჭირდება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

მიხეილ ჯანელიძის თქმით, დემოკრატიული სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემის გარეშე ვერ აშენდება.

„ყველას გვტკივა ახალგაზრდების გარდაცვალება და სრულად ვიზიარებ მათი მშობლების, ნათესავებისა და მეგობრების უდიდეს მწუხარებას. მე პირადად მყავს დაკარგული უახლოესი მეგობარი, დაახლოებით ამ ახალგაზრდების ასაკში და დაახლოებით ასეთ სიტუაციაში. უდიდესი ტრაგედია იყო ჩემს ცხოვრებაში. თუმცა, ყოვლად მიუღებლად მიმაჩნია სამართლებრივი პროცესის პოლიტიზება.

დემოკრატიულ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ, თუ ინსტიტუტებს პატივს არ ვცემთ!

დღეს, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი განვითარების ეტაპზეა, იქნება ეს მთავრობა, პროკურატურა, პარლამენტი, სასამართლო, მედია, სამოქალაქო საზოგადოება თუ სხვა და ამიტომ, შეცდომები გარდაუვალია. ჩვენ ყველანი ერთად ვსწავლობთ დამოუკიდებელ ცხოვრებას და ერთად ვქმნით ჩვენს სახელმწიფოს. ამ პროცესში კი საზოგადოებას და პოლიტიკოსებს გარდამტეხი როლი აქვთ – მათ უნდა გააძლიერონ ინსტიტუტები და არა პირიქით, დაასუსტონ და შეურაცხყონ ისინი.

არეულობა და დაქსაქსულობა ჩვენს ქვეყანაში ბევრჯერ გვინახავს, ერთიანობა და მშვიდობა კი იშვიათად, რასაც მოფრთხილება სჭირდება! პოლიტიკური შეხედულებების ერთობა ვერასდროს ვერ იქნება და ღმერთმაც ნუ ქნას, ამისთვისაა დემოკრატია, რომ განსხვავებული აზრი ისმოდეს. თუმცა ერთიანობა გვჭირდება კანონის და ინსტიტუტების პატივისცემის საკითხში.

პროკურატურა ისეთივე მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, როგორც სასამართლო. ის, რომ მათ განსხვავებული პოზიციები აქვთ, ესეც კარგია ორივე ინსტიტუტისთვის და დემოკრატიისთვის. ირაკლი შოთაძემ ძალიან ბევრი გააკეთა პროკურატურის გასავითარებლად და პროკურატურაში დასავლური საუკეთესო პრაქტიკის დასანერგად. პროკურატურას ვუსურვებ მომავალ განვითარებას, რისთვისაც პრემიერის შეთავაზება არის ძალიან მნიშვნელოვანი. პოლიტიკოსების და სამოქალაქო საზოგადოების ფართო და კონსტრუქციული ჩართულობით უნდა მოხდეს ახალი პროკურორის შერჩევა!

მთავარია ჩვენი ქვეყნის და არა ჩვენი პირადი მომავალი!“, – წერს მიხეილ ჯანელიძე „ფეისბუქზე“.