აქცია მთავარ პროკურატურასთან - თავს შევაკლავ ჩემი შვილის ღირსებას [ფოტო]
აქცია მთავარ პროკურატურასთან - თავს შევაკლავ ჩემი შვილის ღირსებას [ფოტო]

მთავარ პროკურატურასთან თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძე საპროტესტო აქციას მართავს.

ზაზა სარალიძე და მისი ახლობლები პროკურატურასთან საქალაქო სასამართლოდან მივიდნენ, სადაც საქმეზე გადაწყვეტილება გამოცხადდა, რომელსაც დაზარალებული მხარეები არ ეთანხმებიან.

ზაზა სარალიძემ აქციაზე მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა.

„დაუყოვნებლივ მისცენ პასუხისგებაში ირაკლი შოთაძე, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ჩემი შვილის მკვლელებისთვის ხელის დაფარებაში. დღეს ჩემი შვილის ღირსება შეილახა. მე არ მივცემ ამათ უფლებას, თავს შევაკლავ ჩემი შვილის ღირსებას. სად არის გიორგი გახარია, ორი თვის წინ რომ ვეხვეწებოდი, შემხვდი და მომისმინეთქო.

გადაწყვიტა სისტემამ დამეჯახოს, მე ამ სისტემას ან დავანგრევ, ან მომკლან. ჩემი შვილის ღირსების შელახვის უფლებას არავის მივცემ, შოთაძე კი არა, ვინც უნდა იყოს. მე ამ სისტემას დავანგრევ, ან ახლავე მომკლან“, – განაცხადა ზაზა სარალძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ხორავას ქუჩაზე მომხდარ არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ორივე პირის მიმართ. კერძოდ, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობისთვის და მკვლელობის მცდელობისთვის სასამართლომ არასრულწლოვანი ბრალდებულები დამნაშავედ ცნო. სასამართლოს  განაჩენით, გ.ბ. ცნობილი იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში – წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში, ხოლო, გ.ჯ. ცნობილი იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში – წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში.

ამასთან, ამავე განაჩენით, წარდგენილ ბრალდებაში გ.ბ. , გ.ჯ.-სთან ერთად უდანაშაულოდ იქნა ცნობილი დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში, ხოლო გ.ჯ.-ის მიერ ჩადენილი დანაშაული სასამართლოს მიერ დაკვალიფიცირდა, როგორც დავით სარალიძის მკველობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში.

გადაწყვეტილების გამოცხადებას სასამართლოში ხმაური მოჰყვა.  დაზარალებული მხარეები გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან. საქალაქო სასამართლოსთან რამდენიმე პირიც დააკავეს.