პარიზში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ მორიგი დემონსტრაცია გაიმართა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, აქტივისტები საფრანგეთის დედაქალაქის ერთ-ერთ სარკინიგზო სადგურთან შეიკრიბნენ და ხელისუფლებას საპენსიო რეფორმის გეგმის შეცვლა მოსთხოვეს. როგორც საპროტესტო აქციაზე განაცხადეს, ქვეყნის ხელისუფლების გეგმები მომავალ პენსიონერებზე ნეგატიურად აისახება.
საფრანგეთში საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით საყოველთაო გაფიცვა უკვე 22 დღეა, გრძელდება. უკმაყოფილება პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ინიცირებულმა საპენსიო რეფორმამ გამოიწვია, რომელიც უნივერსალური საპენსიო სისტემის შემოღებას ითვალისწინებს.
ახალი საპენსიო სისტემის თანახმად, საპენსიო ასაკი 62-ის ნაცვლად 64 წელი გახდება. ამასთან, გაუქმდება ე.წ. განსაკუთრებული რეჟიმი, რომელიც დასაქმებულების გარკვეულ ნაწილს პენსიაზე ვადაზე ადრე გასვლის შესაძლებლობას აძლევდა.