დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ საფრანგეთში პოლიტიკური კრიზისის დარეგულირება პარიზის შეთანხმების გაუქმებით შეიძლება
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ საფრანგეთში პოლიტიკური კრიზისის დარეგულირება პარიზის შეთანხმების გაუქმებით შეიძლება

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ საფრანგეთში პოლიტიკური კრიზისის დარეგულირება პარიზის შეთანხმების გაუქმებით შეიძლება. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მიკრობლოგ Twitter-ის პირად გვერდზე დაწერა.

როგორც თეთრი სახლის ლიდერი იუწყება, პარიზში არსებული ვითარების გამოსწორება კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების გაუქმებისა და მოსახლეობისთვის თანხის დაბრუნების შემდეგ შესაძლებელი გახდება.

„ძალიან სამწუხაროა, რაც პარიზში მოხდა. იქნებ დადგა დრო, ბოლო მოეღოს პარიზის სასაცილო და ძალიან ძვირადღირებულ შეთანხმებას და ხალხს დაუბრუნდეს თანხა დაბალი გადასახადების სახით“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა Twitter-ის პირად გვერდზე.

შეგახსენებთ, 8 დეკემბერს პარიზსა და საფრანგეთის სხვა ქალაქებში „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის მორიგი დემონსტრაციები გაიმართა. პარიზში კი აქცია წინა კვირის მსგავსად, სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის მასშტაბურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეებმა ჩაამსხვრიეს ვიტრინები, დაწვეს მანქანები და ნაგვის ურნები, პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

პარიზის ცენტრში დახურული იყო ღირსშესანიშნაობები და მაღაზიები, ქალაქში მობილიზებული იყო ჯავშანტექნიკა. არეულობის დროს 135 ადამიანი დაშავდა. მათგან 17 პოლიციელია. 1300-ზე მეტი პირი კი დააკავეს.

8 დეკემბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართულ დემონსტრაციებში საერთო ჯამში 125 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. მხოლოდ პარიზში 10 ათასზე მეტი მოქალაქე გამოვიდა.

საფრანგეთის მთავრობის სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები უკვე მეოთხე კვირაა, იმართება. აქციის მონაწილეების ამბობენ, რომ აქციები ყოველ უქმე დღეს გაიმართება.