ფრანგი მოკრივე, რომელმაც აქციის დროს პოლიციელებს დაარტყა, სამართალდამცველებს ჩაბარდა

კრივში საფრანგეთის ყოფილი ჩემპიონი, რომელმაც პარიზში „ყვითელჟილეტიანთა“ საპროტესტო აქციის დროს პოლიციელებს დაარტყა, სამართალდამცველებს ჩაბარდა. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ყოფილი სპორტსმენი კრისტოფ დეტინგერი კრივში ეროვნული ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებულია. გასულ შაბათს ის მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ მიერ ორგანიზებულ ანტისამთავრობო დემონსტრაციაში მონაწილეობდა. საპროტესტო გამოსვლა თავდაპირველად მშვიდობიანად დაიწყო, თუმცა როდესაც აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობასთან მიახლოება სცადეს, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. თავის მხრივ, დემონსტრანტებმა ავტომობილები და ბარიკადები დაწვეს.

როგორც ყოფილი მოკრივე კრისტოფ დეტინგენი ამბობს, ის თავს იცავდა.

„ჩემი, ჩემი მეგობრისა და ცოლის წინააღმდეგ გაზი გამოიყენეს. რაღაც მომენტში მე მრისხანებამ მძლია. დიახ, ცუდად მოვიქეცი, თუმცა თავს ვიცავდი“, – განაცხადა დეტინგერმა ჩაბარებამდე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.