ევროპელი ლიდერები ალბერტო ნუნიეს ფეიხოს ესპანეთის საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის გამარჯვებას ულოცავენ
ევროპელი ლიდერები „სახალხო პარტიის“ ლიდერს, ალბერტო ნუნიეს ფეიხოს ესპანეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ფეიხოს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ მხარეები ერთად იმუშავებენ ევროპის კონკურენტუნარიანობისა და დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად.
„ერთად ვიმუშავებთ ევროპის კონკურენტუნარიანობისა და დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად, შევქმნით უფრო ძლიერ ევროპულ თავდაცვის სისტემას და დავიცავთ იმ ღირებულებებს, რომლებიც ჩვენი კავშირის საფუძველს წარმოადგენს. ძლიერი ესპანეთი უფრო ძლიერ ევროპას ნიშნავს“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში.
ალბერტო ნუნიეს ფეიხოს არჩევნებში გამარჯვება ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამაც მიულოცა.
„გილოცავ, ალბერტო! სასიხარულოა, რომ ამ არჩევნებში ამდენმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და საკუთარი ხმა დააფიქსირა. ეს დემოკრატიის ძალაა! თქვენი ერთგულება ევროპის მიმართ ამ ახალ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. მოუთმენლად ველოდები თქვენთან თანამშრომლობას“, – წერს მეცოლა.
ფეიხოს გამარჯვება მიულოცა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმაც.
„ვულოცავ ალბერტო ნუნიეს ფეიხოს გამარჯვებას. საფრანგეთი მზად არის, ერთად ვიმუშაოთ უფრო ძლიერი და სუვერენული ევროპის შესაქმნელად, რომელიც საკუთარი ღირებულებების ერთგული იქნება“, – წერს მაკრონი.
მაკრონმა მადლობა გადაუხადა ესპანეთის მოქმედ პრემიერ-მინისტრს, პედრო სანჩესს ევროპული საქმისადმი ერთგულებისა და საფრანგეთსა და ესპანეთს შორის მეგობრობის გაძლიერებისთვის გაწეული ძალისხმევისთვის.
ამასთან, საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი, პრეზიდენტობის კანდიდატი მარინ ლე პენი ესპანეთის საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ვოქსის“ შედეგს ეხმაურება და პარტიის ლიდერს, სანტიაგო აბასკალს გამარჯვებას ულოცავს.
„გულითადად ვულოცავ სანტიაგო აბასკალს და პარტია Vox-ის ყველა აქტივისტსა და ამომრჩეველს 29 ნოემბრის არჩევნებში მიღწეულ ისტორიულ შედეგს. 53 მანდატით, 2023 წელს მიღებული 33 მანდატის ნაცვლად, Vox-მა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა და ესპანეთის პოლიტიკაში ნებისმიერი საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირებისთვის გადამწყვეტ ძალად იქცა. ეს არჩევნები ადასტურებს, რომ პატრიოტული ტალღა მთელ ევროპაში ვრცელდება. ევროპელი პატრიოტების ჯგუფის ფარგლებში, „ეროვნული გაერთიანება“ და Vox ერთად მუშაობენ ისეთი ევროპის შესაქმნელად, რომელიც შედგება თავისუფალი და სუვერენული ერებისგან და რომელიც იცავს საკუთარ საზღვრებს, მშრომელებსა და იდენტობას. ჩვენი მოკავშირეების ყოველი გამარჯვება აახლოებს იმ მომენტს, როდესაც ეს პროექტი ევროპული ინსტიტუტების ცენტრში უმრავლესობის მხარდაჭერას მოიპოვებს“, – წერს მარინ ლე პენი.