ხმათა უმრავლესობის დათვლის შემდეგ, ესპანეთის საპარლამენტო არჩევნებში „სახალხო პარტია“ იმარჯვებს, მემარჯვენე ძალები კი პარლამენტში აბსოლუტურ უმრავლესობას მოიპოვებენ
ესპანეთში გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატიული „სახალხო პარტია“ იმარჯვებს. ესპანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ხმების 92 პროცენტზე მეტის დათვლის შედეგად, მემარჯვენე პოლიტიკურ ძალებს პარლამენტის ქვედა პალატაში ჯამში 187 მანდატი ექნებათ. აბსოლუტური უმრავლესობისთვის 176 მანდატია საჭირო.
ალბერტო ნუნიეს ფეიხოს ხელმძღვანელობით სახალხო პარტია 133 მანდატს იღებს, ულტრამემარჯვენე პარტია „ვოქსი“ კი 52 მანდატს მოიპოვებს, რაც 2023 წლის არჩევნებთან შედარებით, 19-ით მეტია. მემარჯვენე ბლოკს კიდევ ორი მანდატი ექნება ნავარაში.
პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის სოციალისტური „მუშათა პარტია“ მეორე ადგილზეა. წინასწარი მონაცემებით, სოციალისტები 115 მანდატს მიიღებენ, რაც წინა არჩევნების შედეგთან შედარებით ექვსით ნაკლებია.
სოციალისტებმა პოზიციები დაკარგეს მათთვის ტრადიციულად მნიშვნელოვან რეგიონებშიც. სევილიის პროვინციაში „სახალხო პარტიამ“ ხმების რაოდენობით სოციალისტებს ისტორიაში პირველად გაუსწრო. კატალონიაში კი სოციალისტების მანდატების რაოდენობა 19-დან 15-მდე შემცირდა.
არჩევნების წინასწარი შედეგები მემარჯვენე ძალებს ახალი მთავრობის ფორმირების შესაძლებლობას აძლევს. ალბერტო ნუნიეს ფეიხოს პრემიერ-მინისტრად ასარჩევად „ვოქსის“ მხარდაჭერა დასჭირდება.
პედრო სანჩესი ესპანეთის მთავრობას 2018 წლიდან ხელმძღვანელობს.