ხმათა 30 პროცენტზე მეტის დათვლის შემდეგ, წინასწარი მონაცემებით, ესპანეთში მემარჯვენე პარტიები პარლამენტში უმრავლესობას მოიპოვებენ
ესპანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ხმების 30 პროცენტზე მეტის დათვლის შემდეგ, ოპოზიციური კონსერვატიული „სახალხო პარტია“ ლიდერობს.
წინასწარი მონაცემებით, „სახალხო პარტია“ დეპუტატთა კონგრესში 132 მანდატს მოიპოვებს, პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის სოციალისტური „მუშათა პარტია“ კი 120 მანდატს. მესამე ადგილზეა ულტრამემარჯვენე პარტია „ვოქსი“, რომელიც 49 მანდატს მიიღებს.
წინასწარი შედეგებით, „სახალხო პარტია“ და „ვოქსი“ ჯამში 181 მანდატს მოიპოვებენ, რაც 350-ადგილიან დეპუტატთა კონგრესში აბსოლუტური უმრავლესობისთვის საჭირო 176 მანდატს აღემატება. ნავარის ხალხის კავშირის მხარდაჭერის შემთხვევაში, მემარჯვენე ბლოკს 183 მანდატი ექნება.
მადრიდში, „სახალხო პარტიის“ ცენტრალურ ოფისთან ასობით ადამიანი შეიკრიბა. პარტიის მხარდამჭერები ესპანეთის დროშებით არჩევნების წინასწარ შედეგებს ზეიმობენ და სკანდირებენ: „ფეიხო პრემიერ-მინისტრად“.
არჩევნების წინასწარი შედეგები კონსერვატორებს რვაწლიანი ოპოზიციური საქმიანობის შემდეგ ხელისუფლებაში დაბრუნების შესაძლებლობას აძლევს.
მოსალოდნელია, რომ „სახალხო პარტიის“ ლიდერი ალბერტო ნუნიეს ფეიხო მხარდამჭერებს მოგვიანებით მიმართავს, როდესაც ხმების უფრო დიდი ნაწილი იქნება დათვლილი.