ნიკოლ ფაშინიანი – სომხეთი რუსეთის სამხედრო ბაზის საკუთარ ტერიტორიაზე არსებობის აუცილებლობას ვერ ხედავს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის ეთერში განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო ბაზის შენარჩუნების საკითხი თავად რუსულმა მხარემ წამოჭრა და არა ერევანმა.
„ოფიციალურად ვაცხადებ: რუსეთის სამხედრო ბაზის საკითხი არასდროს წამომიჭრია. ეს რუსეთმა გააკეთა. თუ რუსეთის მხარემ თავად დააყენა ეს საკითხი, მაშინ მკაფიოდ ვამბობ: სომხეთის რესპუბლიკა საკუთარ ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზის არსებობის აუცილებლობას ვერ ხედავს“, – განაცხადა ფაშინიანმა.
მისივე განმარტებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებმა მას სამხედრო ბაზის მომავალთან დაკავშირებით კითხვა დაუსვეს, თუმცა შეხვედრისას ეს საკითხი არ განხილულა. ფაშინიანის თქმით, პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი სამხედრო ბაზას გაიყვანს, თუ ამას სომხური მხარე მოითხოვს.
ფაშინიანმა განაცხადა, რომ ამის შემდეგ მან სომხეთის პოზიცია დააფიქსირა, თუმცა აღნიშნა, რომ თუ მოსკოვს ბაზის შენარჩუნება სურს, საკითხის განხილვა შესაძლებელია.
„რუსეთთან უნდა განვიხილოთ, სურს თუ არა მას ბაზის შენარჩუნება. თუ სურს, ეს ერთი ვითარებაა, თუ არ სურს – მეორე. როდესაც რუსეთში ამბობენ, რომ ეს საკითხი განიხილება, მიმაჩნია, რომ პირველ რიგში უნდა გავარკვიოთ, სურთ თუ არა მათ ბაზის შენარჩუნება. აქ განსახილველ სხვა საკითხს ვერ ვხედავ“, – აღნიშნა ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირსა და ევროკავშირს შორის არჩევანის საკითხზე. მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება სომხეთის მოქალაქეებმა რეფერენდუმის გზით უნდა მიიღონ.
ფაშინიანმა გაიხსენა, რომ როგორც მოქმედი კონსტიტუცია, ისე ახალი კონსტიტუციის პროექტი ზესახელმწიფოებრივ გაერთიანებებში გაწევრიანების საკითხის რეფერენდუმით გადაწყვეტას ითვალისწინებს.
„ჩვენი პოლიტიკური მიზანი იყო და კვლავაც არის, შევქმნათ ჩვენი ხალხისთვის ალტერნატივა და შესაძლებლობა, თავად გადაწყვიტოს, რა სურს. ჩვენ ამ ალტერნატივას ვქმნით და როდესაც მივიჩნევთ, რომ ის საკმარისად ჩამოყალიბებულია, ჩვენს ხალხს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას მივცემთ“, – განაცხადა ფაშინიანმა.
ფაშინიანის თქმით, ალტერნატივის ჩამოყალიბების პროცესი საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს, თუმცა საბოლოო არჩევანი მოქალაქეებმა უნდა გააკეთონ.
ამასთან, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა უარყო მოსაზრება იმის შესახებ, თითქოს სომხეთი „დასავლეთისკენ მიდის“.
„იცით, ჩვენ დასავლეთისკენ არ მივდივართ, საერთოდ არსად მივდივართ. ასეთი ფორმულირება არასდროს მიმიღია. რას ნიშნავს, რომ მივდივართ? ჩვენ გვსურს, გავხდეთ ევროკავშირის წევრი. შესაძლოა, ევროკავშირი გვიახლოვდება და არა ჩვენ მივდივართ მისკენ. ჩვენ არსად მივდივართ“, – განაცხადა ფაშინიანმა.
მისი თქმით, ასეთ ფორმულირებას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს, რადგან ის ასახავს, თუ როგორ აღიქვამს ქვეყანა საკუთარ პოზიციასა და პოლიტიკური მიმართულების არჩევანს.