შვეიცარიის მოსახლეობამ იარაღის ექსპორტის წესების შემსუბუქებას მხარი დაუჭირა, თუმცა ცვლილებები უკრაინას არ შეეხება

22:46, 29.11.2026

შვეიცარიის მოსახლეობამ იარაღის ექსპორტის წესების შემსუბუქებას მხარი დაუჭირა, თუმცა ცვლილებები უკრაინას არ შეეხება.

როგორც სააგენტო „ბლუმბერგი“ იუწყება, შვეიცარიაში გამართულ რეფერენდუმზე დასავლეთის 36 ქვეყანაში შეიარაღების ექსპორტის წესების შემსუბუქებას ამომრჩეველთა 54,3 პროცენტმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი 45,7 პროცენტი გამოვიდა.

აქამდე შეიარაღებულ კონფლიქტში რომელიმე ქვეყნის მონაწილეობა, როგორც წესი, ამ ქვეყანაში შვეიცარიული შეიარაღების ექსპორტის ავტომატურ აკრძალვას ითვალისწინებდა. ამასთან, კანონმდებლობა იარაღის შემსყიდველ ქვეყნებს რეექსპორტის აკრძალვას ავალდებულებდა. ამის გამო გერმანია და ესპანეთი უკრაინას საკუთარი მარაგებიდან შვეიცარიული წარმოების საბრძოლო მასალებს ვერ გადასცემდნენ.

ახალი წესების თანახმად, 36 ქვეყნისგან შემავალ სიაში მყოფ სახელმწიფოებს მესამე ქვეყანაში შეიარაღების რეექსპორტისთვის შვეიცარიის თანხმობის მიღება აღარ დასჭირდებათ. თუმცა ცვლილებებს უკუძალა არ ექნება და ისინი შეიარაღების უკვე არსებულ მარაგებზე არ გავრცელდება.

ამასთან, იარაღის კონფლიქტის ზონაში გადატანის რისკი თუ არსებობს, ბერნი რეექსპორტზე წინასწარი თანხმობის მიღებას კვლავ მოითხოვს. რეფერენდუმის შედეგები უკრაინას არ შეეხება, რადგან ის აღნიშნული 36 ქვეყნის სიაში არ შედის.

ამასთან, ნეიტრალიტეტის პრინციპიდან გამომდინარე, შვეიცარია უკრაინისთვის შეიარაღების პირდაპირ მიყიდვას კვლავ ვერ შეძლებს. იარაღის ექსპორტის წესების შემსუბუქება არც რუსეთზე გავრცელდება, რომლის მიმართაც შეიარაღების, საბრძოლო მასალებისა და ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტზე აკრძალვები მოქმედებს.

მსგავსი