პედრო სანჩესი – ჩვენთვის სამწუხარო ღამეა, შედეგი არ არის ის, რასაც ველოდით, არ აღმოვჩნდით საკმარისად ძლიერები, რომ მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე ძალები დაგვემარცხებინა

03:27, 30.11.2026

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა. სანჩესმა განაცხადა, რომ მიუხედავად მარცხისა, ესპანეთი, რომელსაც მისი პოლიტიკური ძალა წარმოადგენს, არ დასრულებულა.

„ეს ჩვენთვის სამწუხარო ღამეა. შედეგი არ არის ის, რასაც ველოდით. ჩვენ არ აღმოვჩნდით საკმარისად ძლიერები იმისთვის, რომ მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე ძალები დაგვემარცხებინა“, – განაცხადა სანჩესმა მადრიდში, პარტიის მხარდამჭერებთან სიტყვით გამოსვლისას.

სანჩესის თქმით, მისი პარტია ქვეყნის ინსტიტუტების მიმართ ნდობას არ კარგავს და არჩევნების შედეგებს ყოველგვარი შეთქმულების თეორიების გარეშე აღიარებს.

„ჩვენ არ დაგვიკარგავს ნდობა ჩვენი ინსტიტუტების მიმართ და, რა თქმა უნდა, ვაღიარებთ შედეგებს ყოველგვარი შეთქმულების თეორიების გარეშე“, – აღნიშნა ესპანეთის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, სანჩესმა მხარდამჭერებს მოუწოდა, არ დანებდნენ.

„ესპანეთი, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ, ამ ღამით არ სრულდება. მინდა, გთხოვოთ, არ დაკარგოთ იმედი და არ დანებდეთ. ჩვენ გავაგრძელებთ ესპანეთის პროფკავშირებისა და მუშაკების დაცვას, ქალების გვერდით დგომას და მშვიდობის დროშის ფრიალს ქსენოფობიისა და შეთქმულების თეორიების წინააღმდეგ. ბევრი ადამიანი დღეს ღამით ძალიან შეშფოთებული დაიძინებს იმის გამო, თუ რა მოხდება მომავალში. მაგრამ მინდა, წარმოვთქვა სიტყვა – იმედი. იმედი მარადიულია და ჩვენ სიბნელეს იმედით დავუპირისპირდებით“, – განაცხადა პედრო სანჩესმა.

მსგავსი