პარიზსა და საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში დღეს ყვითელჟილეტიანების აქციები იგეგმება
პარიზში მუზეუმები, ტურისტული ღირსშესანიშნაობები, მაღაზიები და რესტორნები ამ უქმეებზე არ იმუშავებენ – ამის მიზეზი მორიგი საპროტესტო ტალღაა.
საფრანგეთის დედაქალაქისა და ქვეყნის რამდენიმე ქალაქის ქუჩებში ისევ ყვითელჟილეტიანები გამოდიან. აქციებს ქვეყნის ხელისუფლება მობილიზებული ხვდება.
პოლიციის ინფორმაციით, აქციების მონაწილეები აპირებენ, რომ რადიკალურ ზომებს მიმართონ. სწორედ ამიტომ, საფრანგეთის პრემიერის გადაწყვეტილებით, დღეს მთელი ქვეყნის მაშტაბით 89 ათასი სამართალდამცველი იქნება მობილიზებული
„ჩვენ საქმე გვაქვს ადამიანებთან, რომელთა მიზანიც არა პროტესტი, არამედ არეულობაა და არ ვაპირებთ, რომ საშუალება მივცეთ, ჩანაფიქრი აისრულონ“, – განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ედუარდ ფილიპმა.
ყველაფერი 17 ნოემბერს დაიწყო – პირველ აქციაში მთელი ქვეყნის მაშტაბით 280 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, ისინი საწვავზე ფასის მატებას აპროტესტებდნენ. მოგვიანებით, აქციის მონაწილეთა რიცხვი გაიზრდა, დემონსტრანტების უმეტესობას აქციაზე ყვითელი ჟილეტები ეცვა, რის გამოც მოძრაობას ყვითელი ჟილეტების მოძრაობა დაარქვეს.
რატომ ყვითელი ჟილეტები – საფრანგეთის კანონმდებლობის მიხედვით, მძღოლები ვალდებული არიან, მანქანით სპეციალური ყვითელი ჟილეტი ატარონ. აქციები სოციალური ქსელის საშუალებით იგეგმება, დემონსტრანტებს არ ჰყავთ ლიდერი და ამბობენ, რომ ის არც სჭირდებათ.
რას აპროტესტებენ – აქციის მონაწილეები თავდაპირველად საწვავზე ფასის მატებას აპროტესტებდნენ. ბოლო წლის განმავლობაში საფრანგეთში დიზელის ფასი 23 პროცენტით, ხოლო ბენზინი 15 პროცენტით გაძვირდა. საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებით კი, 2019 წლის პირველი იანვრიდან ფასები კიდევ ერთხელ უნდა გაძვირებულიყო.
საფრანგეთში ამბობენ, რომ მთავრობა მათ აიძულებს, უარი თქვან ავტომობილებზე.
აქციები თავდაპირველად მშვიდობიანი იყო, თუმცა მოგვიანებით დაპირისპირებებში გადაიზარდა. აქციების მონაწილეები ბარიკადებს აშენებდნენ, წვავდნენ ავტომობილებს. მათ ჩაამტვრიეს მაღაზიების მინები. ერთ-ერთი აქციის დროს დაზიანდა ტრიუმფალური თაღი.
აქციების დროს დაიღუპა ოთხი და დაშავდა ასობით ადამიანი.
საფრანგეთის პრეზიდენტი თავდაპირველად უკან დახევას არ აპირებდა. ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ საწვავზე ფასის გაზრდა ეკოლოგიური მიზნებით აიხსნება, თუმცა მოგვიანებით, მთავრობა იძულებული გახდა, დემონსტრანტებთან დათმობაზე წასულიყო და საწვავზე ფასის გაზრდის კანონპროექტი 2019 წლის ბიუჯეტიდან ამოიღო.
მიუხედავად ამისა, აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ. ისინი ახლა უკვე ხელფასებისა და პენსიების, ასევე სოციალური დახმარების მატებას ითხოვენ. აქციების დროს გაისმა პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნაც.