პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხანძარი ტაძარში არსებულ რელიკვიებს არ შეხებია
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი არსებულ რელიკვიებს არ შეხებია. ამის შესახებ ჟურნალისტებს ტაძრის პრესსპიკერმა ანდრე ფინომ განუცხადა.
ტაძარში არსებულ რელიკვიებს შორის არის ქრისტიანებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, ქრისტეს ეკლის გვირგვინი.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში მასშტაბური ხანძარია. ბოლო ინფორმაციით, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა.
ხანძარი ადგილობრივი დროით 18:50 საათზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად ჩამოინგრა ტაძრის სახურავზე აღმართული სვეტი და საათი. ვარაუდობენ, რომ ცეცხლის გაჩენა მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებს უკავშირდება.
პარიზის ღვითსმშობლის ტაძარი აშენებულია XII-XIV საუკუნეებში. გოთიკური საკათედრო ტაძარი საფრანგეთის მთავარი ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს. ის კუნძულ სიტეზე მდებარეობს, რომელსაც პარიზის ცენტრში მდინარე სენას ორი ტოტი ქმნის. ტაძარში ინახება ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი რელიკვია – ქრისტეს ეკლის გვირგვინი. ასევე, ტაძარში წარმოდგენილია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ორღანი.