პაპირუსის ტექსტში აღმოჩენილია ეგვიპტური მუმიფიცირების უძველესი, დეტალური „რეცეპტი“ — #1tvმეცნიერება
მიუხედავად იმისა, რომ უძველეს არქეოლოგიურ ნიმუშთა საფუძველზე მუმიფიცირების შესახებ საკმაოდ ბევრი რამ ვისწავლეთ, უცნობი რჩებოდა, როგორ ამზადებდნენ ეგვიპტელები საკუთარ მიცვალებულებს საიქიო ცხოვრებისთვის.
ახლახან, მკვლევრებმა აღმოაჩინეს უძველეს ტექსტში ჩამალული ორიგინალი სახელმძღვანელო, რომელიც ბალზამირებისა და მუმიის შექმნის საკვანძო ეტაპებს განმარტავს.
მუმიფიცირების სახელმძღვანელო აღმოაჩინეს 3500 წლის წინანდელ პაპირუსის ნაჭერში, რომელსაც ლუვრ-კარლსბერგის ხელნაწერს უწოდებენ; პაპირუსის ნახევარი სამედიცინო ინფორმაციას შეიცავს და პარიზში, ლუვრის მუზეუმშია დაცული, მეორე ნახევარი კი, სახელად კარლსბერგის კოლექციის პაპირუსი, კოპენჰაგენის უნივერსიტეტში ინახება.
ამ ახალი ტექსტის აღმოჩენამდე, მკვლევრებს მუმიფიცირების სამუშაოების შესახებ მხოლოდ ორი ორიგინალი ტექსტი ჰქონდათ. ეს პროცესი ძველ ეგვიპტეში წმინდა ხელოვნებად მიიჩნეოდა და ძალიან ცოტა სპეციალისტმა იცოდა ბალზამირება; თანაც, ეს ცოდნა ძირითადად სიტყვიერად გადაეცემოდა ადამიანიდან ადამიანს.
„ტექსტი მეხსიერების ერთგვარ დამხმარე საშუალებას წარმოადგენს, შესაბამისად, მკითხველი სპეციალისტი უნდა ყოფილიყო, რომელსაც დეტალების შეხსენება ესაჭიროებოდა, მაგალითად, მალამოს რეცეპტის და სხვადასხვა ტიპის სახვევების გამოყენების“, — ამბობს კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ეგვიპტოლოგი სოფი შიოდტი.
შიოდტმა ტექსტის შესახებ დეტალები საკუთარ სადოქტორო თეზისში გამოაქვეყნა, სრულად კი მომავალ წელს გამოქვეყნდება.
მის მიერ ამ დოკუმენტის შესახებ გამჟღავნებულ დეტალებს შორის არის გარდაცვლილი ადამიანის სახის ბალზამირების ინსტრუქციათა სია; ცნობილი ხდება, რომ სელის წითელ ქსოვილში გახვეულ მიცვალებულს მცენარეულ ხსნარში ათავსებდნენ.
ხსნარი შეიცავდა არომატულ ნივთიერებებს, ასევე ამ მიქსტურის შემკვრელებს; მიცვალებულის სახეს გაჟღენთილი ქსოვილით ფარავდნენ, რათა მწერებისგან დაეცვათ და ამავე დროს ჰქონოდა სასიამოვნო სუნიც. ეს პროცესი აქამდე დოკუმენტურად დადასტურებული არ ყოფილა, მაგრამ კარგად ემთხვევა ზოგიერთ აღმოჩენილ მუმიფიცირებულ ნაშთებს.
ხელნაწერი ასევე აღწერს ბალზამირების მთლიან, 70-დღიან გეგმას, რომელიც ორ ნაწილად იყოფა: 35-დღიან გამოშრობის და 35-დღიან შეხვევის პერიოდებად; თავის მხრივ, ეს პერიოდები ოთხდღიან ინტერვალებად არის დაყოფილი. სხეულის დამუშავების საშუალებებს შორის არის ნატრონის (ბუნებრივი კრისტალური სოდა) წასმა ორგანოებისა და ტვინის ამოცლის შემდეგ. მართალია, ნატრონი ამ კონკრეტულ ტექსტში მოხსენიებული არ არის, მაგრამ შიოდტი ამასაც განმარტავს.
„ამ დღეებს აღნიშნავდნენ მუმიის რიტუალური პროცესიით, ზეიმობდნენ გარდაცვლილის სხეულის მთლიანობის აღდგენას, ბალზამირების პერიოდში სულ 17 პროცესია აღინიშნებოდა“, — ამბობს შიოდტი.
მისივე თქმით, ოთხდღიან ინტერვალებს შორის, სხეული ქსოვილით იყო დაფარული და ზემოდან გადაფარებული ჰქონდა არომატული საშუალებებით გაჟღენთილი ჩალა, რათა მწერები და ლეშისმჭამელები დამფრთხალიყვნენ.
ხელნაწერის კარლსბერგის კოლექციის ნახევარი პირველად შეისწავლეს და გაშიფრეს, რითაც შეივსო ლუვრის მუზეუმში დაცული ნახევრიდან უკვე ცნობილი ტექსტი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მცენარეული მედიცინისა და კანის შეშუპებების შესახებ.
დაახლოებით ექვსი მეტრი სიგრძის პაპირუსი ახლა უფრო მნიშვნელოვანი წყარო გახდა ძველეგვიპტელთა დაავადებებისა და ჯანმრთელობის შესახებ; მათ შორის ვიგებთ, რომელი დაავადებები მიიჩნეოდა ღმერთის საქმედ და როგორ შეიძლებოდა მათთან ბრძოლა.
ლუვრ-კარლსბერგის პაპირუსის ხელნაწერი უფრო ძველია, ვიდრე აქამდე აღმოჩენილი მუმიფიცირების ორი სხვა სახელმძღვანელო. შესაბამისად, ის ჩვენს ხელთ არსებული უძველესი ჩანაწერია მუმიფიცირების პრაქტიკის შესახებ. ამას გარდა, აღწერს ისეთ დეტალებსაც, რომლებიც დანარჩენ ორ დოკუმენტში არ გვხვდება.
„ბალზამირების მეთოდთა მრავალი აღწერა, რომელიც ამ პაპირუსშია მოცემული, დანარჩენ ორ სახელმძღვანელოში არ გვხვდება და თანაც, აღწერა წარმოუდგენლად დეტალურია“, — ამბობს კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ეგვიპტოლოგი სოფი შიოდტი.
კვლევა რეცენზირებულ ჟურნალში ჯერ არ გამოქვეყნებულა და წარმოადგენს შიოდტის სადოქტორო თეზისის საფუძველს.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.