პანკისის ხეობაში ვითარება განიმუხტა, აქციის მონაწილეთა ნაწილი თელავში მოლაპარაკებებს გამართავს
პანკისის ხეობაში ვითარება განიმუხტა, აქციის მონაწილეთა ნაწილი თელავში მოლაპარაკებებს გამართავს

პანკისის ხეობის მოსახლეობის ნაწილი თელავში, პოლიციის სამმართველოში წავიდა, სადაც შს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძემ აქციის მონაწილეები მოლაპარაკებებისთვის მიიწვია.

როგორც ადგილიდან საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ამ წუთებში პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში სიმშვიდეა. ადგილზე რჩებიან სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები. ასევე აქციის მონაწილეები. ჰესის სამშენებლო სამუშაოები ამ დროისთვის შეჩერებულია.

პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობის ხელის შეშლა დღეს ადგილობრივმა მოსახლეობამ სცადა, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ჰესის აშენება პრობლემებს შეუქმნის ეკოლოგიურ მდგომარეობას. აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები დაუშინეს. სპეცრაზმმა შეკრებილების წინააღმდეგ ცრელმსადენი გაზი გამოიყენა.  ადგილობრივები აცხადებენ, რომ სპეცრაზმის წარმომადგენლებმა მათ წინააღმდეგ რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

პანკისის ხეობაში მცირე ჰესის „ხადორი-3“-ის მშენებლობას კომპანიები „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ გეგმავენ. აღნიშნულმა კომპანიებმა დღეს განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 5,4 მგვტ-ია, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე აშენდება.