თელავის სოფელ ლაფანყურის მოსახლეობა მდინარე ლოპოტაზე ჰესის მშენებლობას აპროტესტებს
თელავის სოფელ ლაფანყურის მოსახლეობა მდინარე ლოპოტაზე ჰესის მშენებლობას აპროტესტებს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურის მიმდებარედ, მდინარე ლოპოტას ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა შეიკრიბა. ისინი ხეობაში ჰესის მშენებლობის დაწყებას აპროტესტებენ. მოსახლეობის თქმით, შპს „ართანა-ლოპოტას“ წარმომადგნელებმა ხეობაში ერთი ტრაქტორი და დამხმარე ნაგებობების ასაგებად რკინის კონსტრუქციები მიიტანეს, რაც მათი განცხადებით, ჰესის მშენებლობის დაწყებას ნიშნავს.

კომპანიის პროექტის მენეჯერი აცხადებს, რომ შესაბამისი სახელმწიფო უწყებებიდან გააჩნია მშენებლობის ნებართვა და მშენებლობას იწყებს. ადგილობრივები კი ამბობენ, რომ კომპანია „ართანა-ლოპოტა“ თვითნებურად, სახელმწიფოსთან შეთანხმების გარეშე აპირებს სამუშაოების დაწყებას.

„ლოპოტა 1“ ჰესის აშენება ლაფანყურიდან 7 კილომეტრშია დაგეგმილი. ჰესის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, განადგურება ემუქრება ტერიტორიაზე არსებულ ისტორიულ კომპლექსს, ხოლო მდინარე ლოპოტას რამდენიმე კილომეტრის მანძილზე მილებში მოქცევა ლოპოტის ხეობის გაუდაბნოებას გამოიწვევს, განადგურდება უნიკალური ჯიშის ხეები, ასევე არსებობს გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების მაღალი რისკები.

„მყავს სამი შვილი, შვილიშვილები და მათი შვილები, ეს ხეობა მათთვის მინდა. არავის დავუთმობთ, გავწვებით გზაზე და არ მივცემთ უფლებას, ვინმემ აქ ჰესი აგვიშენოს“, – განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

მდინარე ლოპოტაზე 5,9 მგვტ სიმძლავრის ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, კომპანიასა და მოსახლეობას შორის დაპირისპირება შვიდი წელია, მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები დაშლას იქამდე არ აპირებენ, ვიდრე კომპანიის წარმომადგენლები ხეობას არ დატოვებენ.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.