პანკისის ხეობაში ჰესის სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია, შს მინისტრის მოადგილემ აქციის მონაწილეებს დიალოგისკენ მოუწოდა [ვიდეო]

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, კახა საბანაძემ პანკისის ხეობაში შეკრებილებს დიალოგისკენ მოუწოდა.

როგორც საბანაძემ ადგილზე განაცხადა, ჰესის სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია. ის სთავაზობს აქციის მონაწილეებს წავიდნენ თელავში და საკითხზე მოლაპარაკებები გამართონ.

„გეუბნებით ყველას, როგორც ჩვენს მოქალქეებს, ვინც კანონს დაარღვევს და პოლიციელს შეეხება, უმკაცრესად დაისჯება. სანაცვლოდ გეუბნებით, პოლიციელი უკანონო ქმედებას არ ჩაიდენს.

გამოყავით თქვენი წარმომადგენლები, წავიყვანოთ თელავში, ჩამოვყალიბდეთ და ვისაუბროთ თემაზე. მოგიწოდებთ მშვიდობისკენ. პოლიცია მოწოდებულია, აღასრულოს კანონი და დაიცვას თქვენი ინტერესები. დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. მუშაობა შეჩერებულია. დავსხდეთ და მოვილაპარაკოთ“,- განაცხადა საბანაძემ.

პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობის ხელის შეშლა სცადა ადგილობრივმა მოსახლეობამ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები დაუშინეს. სპეცრაზმმა შეკრებილების წინააღმდეგ ცრელმსადენი გაზი გამოიყენა.  ადგილობრივები აცხადებენ, რომ სპეცრაზმის წარმომადგენლებმა მათ წინააღმდეგ რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

პანკისის ხეობაში მცირე ჰესის „ხადორი-3“-ის მშენებლობას კომპანიები „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ გეგმავენ. აღნიშნულმა კომპანიებმა დღეს განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 5,4 მგვტ-ია, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე აშენდება.