კომპანიები „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
კომპანიები „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

კომპანიები „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ პანკისის ხეობაში მცირე ჰესის „ხადორი – 3“-ის სამშენებლო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 5,4 მგვტ-ია, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე აშენდება.

ჰესის მშენებლობა 12 თვეში დასრულდება. ჰესის წლიური გამომუშავება 27,5 მილიონი კლვტ/სთ-ია.

„აღნიშნული პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ, კომპანია გეგმავს „სამყურაწყალი 2“ -ის ჰესის მშენებლობასაც. ეს უკანასკნელი 30 თვეში უნდა დასრულდეს. ჰესები, რომელთა მშენებლობაც პანკისის ხეობაშია დაგეგმილი ე.წ. მცირე ენერგეტიკას მიეკუთვნება და მათი გავლენა გარემოზე მინიმალურია. ორივე პროექტის ჯამური ინვესტიცია 40 მილიონი აშშ დოლარზე მეტია, ხოლო ორივე ჰესი ჯამურად გამოიმუშავებს 160 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიას, რაც ძალიან დიდი კონტრიბუციაა ადგილობრივ ეკონომიკაში. ამასთან ერთად, მშენებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში, სხვა სპეციალისტებთან ერთად, დასაქმებული იქნება არანაკლებ 100 ადგილობრივი მოსახლეც. უახლოეს პერიოდში ჰიდროელექტორსადგურების მშენებელი კომპანიები ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ ადგილობრივ მოსახლეობასთან.

მემორანდუმის პროექტის თანახმად, ხეობისა და ჰესის მიმდებარედ, განლაგებული დასახლებების სასარგებლოდ, სოციალური პროექტები განხორციელდება. კერძოდ, პანკისის ხეობა მიიღებს განახლებულ საგზაო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. კომპანია „ფერი“ ასევე იღებს ვალდებულებას, გადაიტანოს არსებული 110 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი – ბირკიანი (ჰესის შენობიდან) დუისის მონაკვეთზე. აღნიშნული ხაზების გადატანის გამო, მოჭრილი გარკვეული რაოდენობის ხე-ტყე უსასყიდლოდ გადაეცემა ხეობის ადგილობრივ მოსახლეობას. კომპანია სახელმწიფოსთან ერთად, მოაწესრიგებს ომალო-დუმასტურის სასმელი წყლის სისტემას. ძიბახევის და ბირკიანის მოსახლეობას სპეციალურად შექმნილ ფონდში შეუტანს მოხმარებული დენის ადეკვატურ ღირებულებას (2018 წლის მოხმარების შესაბამისად). ძიბახევი-ბირკიანის ტერიტორიაზე, ალაზნის მიმდებარედ, მოაწყობს მარტივ, უსაფრთხო საბანაო ადგილს. ხეობაში მცხოვრები მოსახლეობა შეუზღუდავად გამოაყენებინებს კომპანიის საკუთრებაში არსებულ მიწებს (სათავე ნაგებობების, ჰესის შენობებისა და მილსადენის თავზე სათხრელი სამუშაო ადგილების გარდა).

იმ შემთხვევაში, თუ ჰესის მიერ მოხმარებული წყლის გამო, სოფელ ბირკიანს შეექმნება წყლის პრობლემა – კომპანია დაუყოვნებლივ აღმოფხვრის ამ საკითხს. ასევე, გარემონტდება სოფელ დუისის სასმელი წყლის რეზერვუარი. მთავრობა ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით, ააშენებს ბირკიანი-ომალოს დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდს. ამასთან ერთად, კომპანია, ყოველწლიურად, ახლადშექმნილ პანკისის ხეობის ფონდში შეიტანს 120 ათას ლარს. ადგილობრივ ბიუჯეტში ყოველწლირად გადაირიცხება ერთ მილიონ ლარზე მეტი, რომელიც ისევ რეგიონის განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობას მოხმარდება. აღსანიშნავია, რომ „ფერის“ კარგად იცნობენ ახმეტაში. პანკისის ხეობაში კომპანიას უკვე აქვს განხორციელებული ენერგეტიკული პროექტები, რომლებსაც ახმეტის მუნიციპალურ ბიუჯეტში მნიშვნელოვანი შემოსავალი შეაქვს და ხეობის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. კომპანიამ რამდენიმე ათეული ადგილობრივი მცხოვრებიც გადაამზადა, რომლებიც ამჟამად საქართველოს რეგიონებში მდებარე „ფერის“ სხვა პროექტებში არიან დასაქმებულები“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობას ადგილობრივები აპროტესტებენ. დაპირისპირება მოხდა მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრელმსადენი გაზი გამოიყენა.