პაატა სილაგაძემ ლევან გოგიჩაიშვილის კითხვებს არ უპასუხა, რის გამოც დეპუტატმა მისი დარბაზიდან გაძევება ითხოვა [ვიდეო]
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატმა პაატა სილაგაძემ დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან გოგიჩაიშვილის კითხვებს არ უპასუხა.
კერძოდ, ლევან გოგიჩაიშვილმა პაატა სილაგაძეს ჰკითხა: „მიიჩნევთ თუ არა თავს კეთილსინდისიერ ადამიანად, რომელსაც ცოდნის მიღმა აქვს იმის მორალური უფლება, განსაჯოს ადამიანის ბედი“, რაზეც პაატა სილაგაძემ უპასუხა, რომ არ გასცემდა პასუხს.
თავის მხრივ, ლევან გოგიჩაიშვილმა სილაგაძეს შემდეგი კითხვაც დაუსვა, რომელზეც მოსამართლეობის კანდიდატმა არ უპასუხა.
„იცნობდით თუ არა იმ კონსტიტუციას, რომელიც ითვალისწინებდა მოსამართლეების გარანტიებს და რა არ გაკმაყოფილებდათ 2012-წლამდე იმ კანონებიდან, რომელიც არ გაძლევდათ საშუალებას, ყოფილიყავით თავისუფალი“, რაზეც პაატა სილაგაძემ უპასუხა, რომ კვლავ არ გასცემდა შეკითხვას პასუხს.
ამის შემდეგ დამოუკიდებელმა დეპუტატმა მოსამართლეობის კანდიდატს ჰკითხა: „ჰომოსაპიენსი ხართ?“, პაატა სილაგაძემ კი უპასუხა, რომ პასუხს არ სცემს.
სხდომაზე ლევან გოგიჩაიშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილს მიმართა, რომ მის ადგილას პაატა სილაგაძეს დარბაზიდან გააძევებდა, რადგან მისი თქმით, მოსამართლეობის კანდიდატი პარლამენტის მიმართ უპატივცემულობას გამოხატავს.
„მე აქ ვიცავ პარლამენტის ღირსებას, ინსტიტუციის ღირსებას. დღეს, რასაც პაატა სილაგაძე აკეთებს, თქვენს ადგილას მანდატურს ვეტყოდი, მოკიდეთ ბატონ პაატას ხელი და გააგდეთ ამ ოთახიდან. ასე მოვიქცეოდი. ეს არის პარლამენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა. მოგიწოდებთ, ბატონი პაატა გააძევოთ დარბაზიდან, რადგან ის პატივს არ სცემს პარლამენტის წევრს. არ შეიძლება, ასეთი სულისკვეთების ადამიანი გახდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. ის თავიდანვე გამოხატავს პარლამენტის უპატივცემულობას“, – მიმართა ლევან გოგიჩაიშვილმა დავით მათიკაშვილს.