პაატა დავითაია - პროპორციული სისტემის გარდა, აუცილებელია ცვლილებები საარჩევნო კოდექსშიც განხორციელდეს
„ევროპელი დემოკრატების“ ლიდერის, პაატა დავითაიას განმარტებით, გარდა პროპორციული სისტემისა, აუცილებელია ცვლილებები საარჩევნო კოდექსშიც განხორციელდეს.
დავითაია ამბობს, რომ ბევრი გადასაჭრელი საკითხია, მათ შორის ფინანსური ბარიერის, პარტიების რეგისტრაციის და ცესკო-ს კომპლექტაციის თემები. მისივე თქმით, ლოპოტაზე მიმდინარე შეხვედრაზე ამ საკითხებზე საფუძვლიანი მსჯელობა უნდა შედგეს.
„წარმოდგენილი პაკეტი ითვალისწინებს, რომ არ უნდა იყოს ბლოკები. აქედან გამომდინარე, თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ იქნება 0.7 პროცენტიანი ბუნებრივი ბარიერი, ეს უნდა იყოს პოლიტიკური პარტიებისთვის. ჩვენი ინიციატივაა, უნდა დარჩეს ბლოკები და ბარიერი ბლოკებისთვის იყოს უფრო დიდი – სამი ან ხუთი პროცენტი. ეს დიალოგის თემაა. ფინანსურ ბარიერთან დაკავშირებით მიმაჩნია, რომ უნდა იყოს ორი პროცენტი. ანუ პოლიტიკური პარტია, რომელიც მიიღებს ორ პროცენტს, ასევე მიიღოს ბიუჯეტიდან დაფინანსება.
რაც შეეხება ბლოკების თემას, მაშინ ბარიერი ამ თვალსაზრისით უნდა იყოს მეტი და ასევე გაწერილი, თუ როგორ მოხდება ბლოკში თანხის გადანაწილება“, – აღნიშნა პაატა დავითაიამ.
სასტუმრო „ლოპოტა სპა რეზორტში“ არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა მიმდინარეობს.