პაატა დავითაია - თუ საუბარია ხელისუფლების ცვლილებაზე, აუცილებელია ყველას გაერთიანება
პაატა დავითაია - თუ საუბარია ხელისუფლების ცვლილებაზე, აუცილებელია ყველას გაერთიანება

ჩვენი პოზიციაა, რომ ერთობა არის მნიშვნელოვანი. ერთობით ხდება გამარჯვება, – ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერმა, პაატა დავითაიამ განაცხადა ოპოზიციის შესაძლო გაერთიანების შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხისას.

ამასთან, დავითაია თავს იკავებს იმაზე საუბრისგან, რა ფორმატით შეიძლება, შედეგს ოპოზიციის ერთობა.

„კოალიციაზე საუბრისგან ჯერ შევიკავებ თავს, კონსულტაციები მიმდინარეობს. მაგალითად, ეს ფორმატი რომელიც არის აქ, მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ამ ფორმატმა მოიტანა შედეგები და ვფიქრობ, ეს ფორმატი უნდა გაგრძელდეს. რაც შეეხება მაჟორიტარების თემას, ძნელია ამაზე ლაპარაკი, არ მინდა, მოვლენებს გავუსწრო, ეს არის კონსულტაციების რეჟიმი. მთავარია პრინციპი და არა ვინმეს შიდა კულუარული მოლაპარაკებები. ცალსახად მიმაჩნია, რომ თუ საუბარია ხელისუფლების ცვლილებაზე, აუცილებელია ყველას გაერთიანება“, – განაცხადა დავითაიამ.

კითხვაზე, მიაჩნია თუ არა, რომ საარჩევნოდ ერთიანი კოალიცია უნდა შექმნას ყველა პარტიამ, რომელიც ახლა მოლაპარაკებების მაგიდის ირგვლივ არის, დავითაია აცხადებს, რომ ამის ყველანაირი წინაპირობა არსებობს.

„შემიძლია, ცალსახად ვთქვა, რომ ამის ყველანაირი წინაპირობა არსებობს, თავისუფლად შეიძლება ამის განხორციელება, ოღონდ ეს დამოკიდებულია პარტიის ლიდერებზე და სურვილზე, სურთ თუ არა ხელისუფლების შეცვლა. თუ მოხდა დაქსაქსვა ყველასი და საუბარი, რომ მერე მოხდება გაერთიანება, ამის არ მჯერა“, – განაცხადა „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერმა.