პაატა დავითაია - ნიკა მელია დაუყოვნებლივ თუ არ გათავისუფლდება, დიალოგი არ იქნება, მელიას კანონის ფარგლებში გათავისუფლება შესაძლებელია
პაატა დავითაია - ნიკა მელია დაუყოვნებლივ თუ არ გათავისუფლდება, დიალოგი არ იქნება, მელიას კანონის ფარგლებში გათავისუფლება შესაძლებელია

დილიდან ზვავი მოდის ჩვენი პარტნიორებისგან, ვხედავთ პირდაპირი მოწოდებებს ვადამდელ არჩევნებთან და ნიკა მელიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით, – აცხადებს პარტია „ევროპელი დემოკრატების“ წარმომადგენელი პაატა დავითაია.

დავითაიას თქმით, ამ განცხადებების შემდეგ ხელისუფლების ტონი დიალოგთან დაკავშირებით შეიცვალა.

„მელია დაუყოვნებლივ თუ არ გათავისუფლდება, არანაირი დიალოგი არ იქნება. კანონის ფარგლებში მათ შეუძლიათ, მელია გაათავისუფლონ, ხაზს ვუსვამ – კანონის ფარგლებში. არანაირ სამართლებრივ პრობლემას ეს არ წარმოადგენს“, – განაცხადა დავითაიამ.

ჟურნალისტების კითხვაზე იმასთან დაკავშირებით, რომ ხშირად იცვლება ოპოზიციის ტონი პარტნიორების მისამართით, მათი განცხადებების შინაარსის მიხედვით; გვახსოვს ოპოზიციის მხრიდან ერთგვარი თავდასხმებიც ელჩებზე, პაატა დავითაიამ თქვა, რომ სხვა პოლიტიკურ ჯგუფებზე ვერ ილაპარაკებს.

„მე შემიძლია, ჩემი პოზიცია, როგორც „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერმა დავაფიქსირო – არასოდეს არავის მიმართ ჩემი ტონი ასეთი არ ყოფილა. ჩვენთვის მთავარი არის სახელმწიფოსთან ურთიერთობა, პარტია დღეს არის, ხვალ არ არის, არის საქართველო და არიან ჩვენი პარტნიორები. ისინი პირდაპირ გვეუბნებიან, რომ ქვეყანამ უნდა გადადგას ნაბიჯები დასავლეთისაკენ, ევროინტეგრაციისკენ, მთავარი მოთხოვნები არის დემოკრატიული პროცესების წარმოება, ქვეყანაში უნდა იყოს ნორმალური რეჟიმი“, – განაცხადა პაატა დავითაიამ.

ამასთან, რაც შეეხება ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებას, რომ „საქართველომ დაკარგა ტერიტორიები“, დავითაიამ აღნიშნა: „მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ოკუპირებული ტერიტორიები დაკარგული არ არის და არც არასოდეს იქნება. ეს არის საქართველოს შემადგენელი ნაწილი და აუცილებლად ამ ტერიტორიებს დავიბრუნებთ, ვინც რა უნდა თქვას“, – აღნიშნა პაატა დავითაიამ.