პაატა დავითაია - ვინმე თუ ფიქრობს, რომ შინაგან საქმეთა ან თავდაცვის მინისტრად ერთპიროვნულად დაბრუნდება, მწარედ შემცდარა
პაატა დავითაია - ვინმე თუ ფიქრობს, რომ შინაგან საქმეთა ან თავდაცვის მინისტრად ერთპიროვნულად დაბრუნდება, მწარედ შემცდარა

ჩვენ ვართ ერთგული ხელმოწერისა და ვიმოქმედებთ იმ წესდებით, რაც მივიღეთ, ეს ნიშნავს, რომ გვაქვს სურვილი, „ძალა ერთობაშია“ ოპოზიციური გაერთიანებით მოხდეს ხელისუფლების ცვლილება, – ამის შესახებ პარტიის „ევროპელი დემოკრატები და პაატა დავითაია“ ლიდერმა, პაატა დავითაიამ განაცხადა.

როგორც პაატა დავითაიამ აღნიშნა, თავის დროზე გაკეთდა ერთობა, რომლის ინიციატორიც იყო მიხეილ სააკაშვილი და ამსტერდამში შეხვედრის დროს შედგა შეთანხმება, რომ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე მოხდებოდა ერთიანი სისტემით გასვლა.

„ამაზე არაერთი განცხადება გაუკეთებია თავად სააკაშვილსაც, თუნდაც ბოლო ხანებში, რომ ერთიანი ოპოზიციური ფრონტის მომხრეა, მაგრამ ჩვენ ამ ეტაპზე ვხედავთ, რომ მისი პოლიტიკური პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“ ფიქრობს გარკვეული გადაწყვეტილების მიღებაზე. იმედს ვიტოვებ, რომ გადაწყვეტილება მიღებული იქნება და ყველა დარჩება ერთგული იმ ხელმოწერისა, რომელიც არსებობს. ვფიქრობ, გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებს „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაუჩნდათ ამბიციები, მათ ჰგონიათ, რომ ერთპიროვნულად შეცვლიან ხელისუფლებას, რაც არის აბსოლუტური აბსურდი. ერთპიროვნულად მათ აიღეს ძალიან ცოტა ხმა თვითმმართველობის არჩევნებზე, ერთობით კი აიღეს ძალიან ბევრი ხმა. არჩევანი მარტივია, თუ ვინმეს სურს, რომ დარჩეს ოპოზიციაში, ეს მათი პოლიტიკური არჩევანი იქნება, ჩვენი არჩევანი არის ერთობით ხელისუფლების ცვლილება. მე არ ვეკუთვნი იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც ჭორაობენ, მე ვეკუთვნი მათ, ვინც ასრულებენ ვალდებულებებს, ეს არის ვალდებულება, რომელიც არის ხელმოწერილი და შეთანხმებული“, – განაცხადა პაატა დავითაიამ.

მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმების გარეშე დათმო თბილისის მაჟორიტარული ოლქები, მაგრამ ამაზე პრობლემა არ შექმნილა.

„ახლა თუ ვინმე ეძებს მიზეზებს, ეს მათი არჩევანია. თუ ვინმე ფიქრობს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრად ან თავდაცვის მინისტრად დაბრუნდება ერთპიროვნულად, ძალიან მწარედ შემცდარა. მხოლოდ და მხოლოდ ერთობით, ერთიანი პოზიციით შეიძლება ხელისუფლების ცვლა. ვერც ერთი პარტია ცალკე აღებული ვერ შეცვლის „ქართულ ოცნებას“. თუ ისინი იბრძვიან თანამდებობებისთვის და საპარლამენტო უმცირესობისთვის, სხვა ამბავია, ჩვენი ამოცანაა, რომ ერთობა, რომელმაც შედეგები დადო, შენარჩუნდეს და ხელისუფლება შეიცვალოს“, – განაცხადა პაატა დავითაიამ.