ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ცესკო-მ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებად მმართველ გუნდთან დაახლოებული პირები აირჩია
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ცესკო-მ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებად მმართველ გუნდთან დაახლოებული პირები აირჩია

ხმების დაცვის საკოორდინაციო შტაბის ფორმატში, ოპოზიციის მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განხილული იყო საოლქო საარჩევნო კომისიებში ცესკო-ს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი წევრების საკითხი. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ცესკო-მ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებად მმართველ გუნდთან დაახლოებული პირები და „ქართული ოცნების“ აქტივისტები აირჩია.

პარტიების ლიდერების თქმით, არსებობს ამის ფოტომტკიცებულება.

„ოლქების ე.წ. დამოუკიდებელი წევრების არჩევა არასწორად მოხდა, ბევრი დარღვევა იყო. ზოგიერთ ადგილზე ერთი ადამიანი იღებს მონაწილეობას, ზოგიერთ ადგილზე კი საერთოდ კონკურსიც არ ჩატარებულა. 73-დან 42 ოლქში დანიშნული ადამიანები პირდაპირ არიან „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული. საუბარი შეგვიძლია სახელებით, გვარებით და მტკიცებულებებით. ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს წარვუდგენთ ყველა ამ გვარს და მტკიცებულებას, რომელიც ეხება მათ ე.წ. არადამოუკიდებლობას. დღეს ვიმსჯელეთ, თუ როგორ გავანეიტრალოთ ეს ე.წ. დამუკიდებელი კანდიდატები საარჩევნო ოლქში, რომლებიც ფაქტობრივად მმართველი პარტიის ინტერესებს ატარებენ“, – განაცხადა პარტია „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერმა, პაატა დავითაიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, 42 საარჩევნო ოლქში ცესკო-მ ნაცვლად პროფესიონალი კადრებისა, „ქართული ოცნების“ აქტივისტები აირჩია.

„ეს ეწინააღმდეგება ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს. ჩვენ თითოეულ ამ ადამიანს მოვუწოდებთ, ნუ გახდებიან ამ უკანონობის თანამონაწილენი. მაგალითად, ქალბატონი შორენა ხორბალაძე, რომელიც პარლამენტის აპარატის თანამშრომელია, მისი მეუღლე კი ზესტაფონის მერიაში მუშაობს. ასევე, ქალბატონი მაია თაბუკაშვილი, რომელიც დმანისის ოლქში აირჩიეს და „ქართული ოცნების“ კანდიდატ რამაზ ბუდაღაშვილთან დაახლოებული პირია და კიდევ ერთი მაგალითი, ქალბატონი მზიური შავაძე, რომელიც ქედის მუნიციპალიტეტში აირჩიეს. ის არის ბათუმის საოლქო კომისისის თავმჯდომარის და. ამგვარი, კონკრეტული მასალები, რომელიც ადასტურებს მათ ძალიან მჭიდრო კავშირებს „ქართულ იცნებასთან“ ან თავად მათ პოზიციებს „ქართული ოცნების“ ბიუროკრატიაში, გაგვაჩნია აბსოლუტურად ყველა, 42-ივე ადამიანიანთან დაკავშირებით.

იმედი გვაქვს, ეს მხილება გამოიწვევს იმას, რომ უფრო დაბალ დონეზე, ანუ საუბნო კომისიის არჩევნებზე იხელმძღვანელებენ კანონით და პროფესიონალებს შეარჩევენ“, – განაცხდა თუნა ბოკუჩავამ

დატოვე კომენტარი