ოთხფეხა გველის ცნობილი ნამარხი სულ სხვა არსებას ეკუთვნის – ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
ოთხფეხა გველის ცნობილი ნამარხი სულ სხვა არსებას ეკუთვნის – ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

2015 წელს პალეონტოლოგებმა საოცარი აღმოჩენის შესახებ გვამცნეს. ბრაზილიაში, ცარცული პერიოდის ქანებში მიაგნეს სრულ ჩონჩხს, რომელიც გველისას წააგავდა, მაგრამ ჰქონდა ერთი მნიშვნელოვანი დამატება: ოთხი ციცქნა, თითქმის გაქრობადი ფეხი.

ეს აღმოჩენა პალეონტოლოგებისთვის ნამდვილ „წმინდა გრაალს“ ჰგავდა. არსება, რომელსაც მათ Tetrapodophis amplectus-ი უწოდეს, ნაკლული რგოლი იყო გველებსა და ხვლიკებს შორის.

თუმცა, არის მხოლოდ ერთი პრობლემა. ჩონჩხის ახალი ანალიზების მიხედვით Tetrapodophis-ი (ბერძნულად ნიშნავს „ოთხფეხა გველს“) სულაც არ არის გველი და წარმოადგენს ზღვის გადაშენებული ხვლიკის სახეობას, რომელიც 110 მილიონი წლის წინ ბინადრობდა.

„გვაქვს მრავალი ევოლუციური კითხვა, რომლებზეც პასუხი შეიძლება გაეცა ოთხფეხა გველის ნამარხს. ჩვენი ჯგუფის მთავარი დასკვნა ის არის, რომ Tetrapodophis amplectus-ი სინამდვილეში გველი არ არის და მისი კლასიფიცირება შეცდომით მოხდა. მისი ანატომიის ყველა ასპექტი შეესაბამება ცარცული პერიოდის ზღვის გადაშენებულ ხვლიკთა ჯგუფში შემჩნეულ ანატომიას; ამ არსებებს დოლიჩოზავრები ეწოდება“, — ამბობს კანადის ალბერტას უნივერსიტეტის პალეონტოლოგი მაიკლ კალდუელი.

მეცნიერები უკვე დიდი ხანია თანხმდებიან, რომ გველები ყოველთვის ისეთი უფეხო მცურავები არ იყვნენ, როგორებიც დღეს არიან. ამას მოწმობს სხვა ნამარხებიც, მაგალითად, 2006 წელს აღმოჩენილი Najash rionegrina — 95 მილიონი წლის წინანდელი გველი, რომელსაც ორი უკანა ფეხი აქვს.

პალეონტოლოგებს ძლიერ სურდათ ნამარხი, რომელიც უხსოვარი დროის ოთხფეხა გველის იქნებოდა.

Tetrapodophis amplectus-ი ამის ძალზედ იმედისმომცემ კანდიდატად ჩანდა. 2015 წელს ამ არსების ძვლებს სრულყოფილი ანალიზები ჩაუტარეს, მაგრამ ძალიან ჩქარა; კალდუელი ფიქრობდა, რომ რაღაც არასწორად მოხდა. 2016 წლის ოქტომბერში, ხერხემლიანთა პალეონტოლოგიის შეხვედრაზე მათ ამის დამტკიცება სცადეს.

ჩონჩხის შესწავლის შემდეგ, მათ აღმოაჩინეს, რომ კბილები გველის კბილების მსგავსად მოკაუჭებული და მიმართული არ იყო, თავის ქალა და ჩონჩხი სულ არ ჰგავდა გველისას. ჯგუფმა ასევე ვერ ნახა მუცლის დიდი ქერცლებიც, რომელიც გველს უნდა ჰქონოდა.

გარდა ამისა, მუცელში შემორჩენილი იყო მისი უკანასკნელი სადილის ნარჩენები, რომლებიც თევზის ფხებს ჰგავდა; ეს კი წყლის არსებაზე მიუთითებდა.

ახალი კვლევა კიდევ უფრო დიდ სიღრმეებში წავიდა და მიაგნო რაღაც ისეთს, რაც 2015 წლის კვლევაში მთლიანად გამორჩათ: ქვა, რომელშიც ჩონჩხი იყო განმარხებული.

„როდესაც ამ ძვლების შემცველი ქვა გატყდა და აღმოაჩინეს, ჩონჩხი და თავის ქალა ლოდის ურთიერთსაპირისპირო მხარეს მოექცა; ბუნებრივმა ყალიბმა თითოეული საპირისპირო მხარის ფორმა შეინახა“, — ამბობს კალდუელი.

მისივე თქმით, თავდაპირველ კვლევაში მხოლოდ თავის ქალა აღწერეს და გამორჩათ ბუნებრივი ყალიბი, რომელსაც შემონახული აქვს რამდენიმე ისეთი მახასიათებელი, რაც აშკარას ხდის, რომ Tetrapodophis-ს გველის თავის ქალა არ აქვს, პრიმიტიულიც კი.

2016 წელს წამოსული კრიტიკის შემდეგ, პირველი კვლევის ავტორი პალეონტოლოგები მაინც საკუთარ აზრზე რჩებოდნენ. ახლა ორივე ეს კვლევა უკვე ლიტერატურის ნაწილია და უკვე მომავლის საქმეა, რომელი მხარის სასარგებლოდ გადაიხრება რეალობა.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის მართლაც არ აღმოჩნდა გველი, Tetrapodophis-ი მაინც ბევრ რამეს გვასწავლის. ციცქნა ნამარხი საოცრად კარგად არის შემონახული, რაც ნამდვილი საჩუქარია დოლიჩოზავრების მკვლევართათვის. ამჟამად, ეს ნამარხი ბრაზილიის კანონმდებლობის დარღვევის მიუხედავად, კერძო საკუთრებაშია.

„თავდაპირველი პუბლიკაციის შემდეგ, ნიმუში ბრაზილიიდან გაიტანეს, ის კერძო საკუთრებაში გადავიდა, რის გამოც მკვლევრებს მასზე წვდომა შეზღუდული აქვთ. ასეთ ვითარებას სამეცნიერო საზოგადოებაში დიდი ხმაური მოჰყვა“, — ამბობს ჰარვარდის უნივერსიტეტის პალეონტოლოგი ტიაგუ სიმოინსი.

კვლევა Journal of Systematic Palaeontology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.