ხელახლა აღმოაჩინეს მსოფლიოში ყველაზე პატარა გველი, რომელიც გადაშენებულად მიიჩნეოდა — #1tvმეცნიერება
ბარბადოსში შენიშნეს გველი, რომელიც იმდენად პატარაა, რომ შეიძლება ჭიაყელა გეგონოთ. კარგი ისაა, რომ უკვე 20 წელია, ეს გველი აღარავის ჰყავდა ნანახი.
ბარბადოსული ძაფისებრი გველი (Tetracheilostoma carlae) ცენტრალურ ბარბადოსში, ქვის ქვეშ აღმოაჩინა ქვეყნის გარემოს დაცვის სამინისტროსა და საკონსერვაციო ჯგუფ Re:wild-ის მკვლევართა ჯგუფმა.
„ბარბადოსული ძაფისებრი გველი ბრმაა და შესაბამისად, ძლიერ იდუმალები არიან. უკიდურესად იშვიათი სახეობაა. 1889 წლის შემდეგ, მათი ნახვის მხოლოდ რამდენიმე დადასტურებული შემთხვევაა აღწერილი, ამიტომ ის არც ისე ბევრ ადამიანს ჰყავს ნანახი“, — ამბობს პროექტის ოფიცერი კონორ ბლეიდსი.
ზრდასრულობისას ეს გველი სიგრძეში მხოლოდ 10 სანტიმეტრია და მიიჩნევა გველის ყველაზე პატარა სახეობად მსოფლიოში.
გამოირჩევა ზურგზე ნარინჯისფერი ზოლებით, თავის აქეთ-იქით განლაგებული თვალებითა და პატარა ქერცლით ცხვირზე.
„როდესაც რაღაცების ძებნას მიჩვეული ხარ, მაგრამ მათ ვერსად ხედავ, შოკირებული რჩები, როცა იპოვი. არც კი გჯერა, რადგან იმედიც არ გქონდა“, — ამბობს Re:wild-ის მკვლევარი ჯასტინ სპრინგერი.

გველი თითქმის ერთწლიანი ძებნის შემდეგ იპოვეს, როდესაც მკვლევრებმა ხის ფესვებში ჩაჭედილი ქვები ამოაბრუნეს.
ციცქნა გველი დეტალურად შესასწავლად ვესტინდოეთის უნივერსიტეტში წაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ ის ძლიერ ჰგავს ინვაზიურ სახეობას, ბრამინულ გველბრუცას და ამიტომ, საჭიროა აღმოჩენის დადასტურება. მხოლოდ ამის შემდეგ დააბრუნებენ მას კვლავ ბუნებაში.
დღეისათვის, ბარბადოსის ტყეების მხოლოდ ორი პროცენტია ხელუხლებლად შემორჩენილი დანარჩენი კი სოფლის მეურნეობისთვის გაჩეხეს.
ბარბადოსული ძაფისებრი გველი განსაკუთრებით მოწყვლადია, რადგან სქესობრივად მრავლდება და მდედრები მხოლოდ ერთ კვერცხს დებენ. მათგან განსხვავებით, ბრამინული გველბრუცები ნაყოფიერ კვერცხებს შეჯვარების გარეშე დებენ.
„ძაფისებრი გველის ხელახლა აღმოჩენა შეხსენებაა ყველა ბარბადოსელისთვის, რომ ტყეები ბარბადოსში ძლიერ განსაკუთრებულია და დაცვას საჭიროებს; არა მხოლოდ ამ გველებისთვის, არამედ სხვა სახეობებისთვისაც. მცენარეებისთვის, ცხოველებისთვის და ჩვენი მემკვიდრეობისთვის“, — ამბობს ჯასტინ სპრინგერი.
მომზადებულია rewild.org-ის მიხედვით.